დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჯგუფი Wizz Air მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბილეთების პლატფორმასთან, Travelfusion-თან, სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებს. როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, პარტნიორობა უკვე ძალაშია და მოქმედებს ყველა ბაზარზე, სადაც ორივე კომპანია ოპერირებს.
Wizz Air-ის ინფორმაციით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ბილეთების ხელმისაწვდომობის ზრდას როგორც ფასების, ასევე შეძენის ვარიანტების მიმართულებით. ავიაკომპანიის მიზანია, გააუმჯობესოს კავშირი მგზავრებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.
აღსანიშნავია, რომ ეს არის Wizz Air-ის პირველი სტრატეგიული თანამშრომლობა ბილეთების აგრეგატორთან, რაც კომპანიის კომერციული სტრატეგიის მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევა. პარტნიორობის ფარგლებში, ავიაკომპანია შეძლებს თავისი ტარიფებისა და სერვისების გაცილებით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებას. მათ შორის, ონლაინ სამოგზაურო სააგენტოებისთვის, ჯავშნის სისტემებისა და ტუროპერატორებისთვის, რომლებიც Travelfusion-ის გლობალურ ქსელს იყენებენ.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ გადავდგით ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამიერიდან Wizz Air-ის ტარიფები უფრო ხილული და ხელმისაწვდომი გახდება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მესამე მხარის საიტებზე ჯავშნიან ბილეთებს. Travelfusion-თან თანამშრომლობით ჩვენ ვდგამთ პირველ ნაბიჯს, რათა ბიუჯეტური ფასები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. ეს სრულ შესაბამისობაშია ჩვენს Customer First Compass-თან,“ – განაცხადა Wizz Air-ის კომერციულმა დირექტორმა, სილვია მოსკერამ.
გასული ფინანსური წლის განმავლობაში Wizz Air-მა 68 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა 200-ზე მეტი მიმართულებით. მიმდინარე წლის მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია – 75 მილიონი მგზავრის გადაყვანა.
კომპანია ადასტურებს, რომ მისი ყველაზე დაბალი ტარიფები და სერვისების სრული პაკეტი, მათ შორის ადგილის არჩევა, პრიორიტეტული ჩასხდომა, ბარგის შეძენა და სხვა კვლავ ხელმისაწვდომი იქნება Wizz Air-ის ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში.
Wizz Air და Travelfusion 2025 წელს პარტნიორობის გაღრმავებას, მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებასა და მარშრუტების კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდას გეგმავენ.
