Who is Who-მ გოჩა ჩხაიძე ღვინის კულტურის გლობალურ პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

ღვინის მწარმოებელი კომპანია “ასკანელის” მმართველი პარტნიორი, გოჩა ჩხაიძე მსოფლიოში გამორჩეულ ადამიანად დასახელდა ღვინის კულტურის გლობალურად გავრცელებაში მიღწეული წარმატებისთვის. აღიარება მას Who is Who International Awards-ის ფარგლებში გადაეცა. ეს არის საერთაშორისო ჯილდო, რომელიც აღიარებს სხვადასხვა სფეროში (კულტურა, მეცნიერება, მეწარმეობა, ხელოვნება და ა.შ.) განსაკუთრებულად გამოჩენილ ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ წარსულში ამ ჯილდოს ლაურეატებს შორის იყვნენ ისეთი მსოფლიო დონის ფიგურები, როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და მომღერალი რიანა.
როგორც გოჩა ჩხაიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, ეს ჯილდო საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.
“ჩემი ქვეყანა ძალიან კარგად წარმოვაჩინე. ფაქტობრივად, ყველა იმ ადამიანმა, ვინც იქ იყო, პირველად გაიგეს, რომ საქართველო არის ღვინის აკვანი. გარდა სიტყვით წარდგენისა, საშუალება მომეცა, რომ დამსწრე საზოგადოებისთვის ჩვენი წარმოებული ღვინის გარკვეული სახეობები გამესინჯებინა, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ, რომ იქ მყოფთა 50% საქართველოში ჩამოვა, რისი პირობაც დადეს”, – განაცხადა ჩხაიძემ.
ღონისძიება კვიპროსში გაიმართა და მას პოლიტიკის, კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. “ასკანელის” მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, ის იყო ერთადერთი ღვინის კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. მისივე თქმით, ეს ჯილდო არა მხოლოდ პიროვნული, არამედ კომპანიისთვისაც მნიშვნელოვანი წარმატებაა.
„ჩვენი კომპანიისთვის, ამ ჯილდოს მიღება და აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ძალიან დიდ პოპულარიზაციას გაუწევს როგორც ჩემს კომპანიას, ისე ქართულ ღვინოს. რეალურად, “ასკანელი” მართლა ლიდერია საქართველოში. საერთაშორისო ბაზარზე 30-ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და 1000-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო გვაქვს მიღებული. გასულ წელს, ჯამში 20 მლნ ბოთლი გავყიდეთ, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში კარგად გვიცნობენ”, – თქვა მან.
მისი შეფასებით, ეს წარმატება კვიპროსის საზღვრებს აუცილებლად გასცდება და საქართველოს, როგორც ქვეყნის და მეღვინეობის განვითარებას ხელს შეუწყობს.