გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გასულ კვირას მხარი დაუჭირა ირანზე იერიშების მიტანას. ამერიკელი მაღალჩინოსნისა და თეთრ სახლთან დაახლოებული წყაროს მიხედვით, ვენსს მიაჩნდა, რომ ტრამპმა ირანის რეჟიმის გაფრთხილებით, არ დაეხოცათ დემონსტრანტები, წითელი ხაზი გაავლო და საჭირო იყო გაფრთხილების სისრულეში მოყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპის მრჩევლები მოელოდნენ, რომ ირანზე სამხედრო იერიშის მიტანის გადაწყვეტილებას ტრამპი 14 იანვარს მიიღებდა. თუმცა, გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როცა ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ირანის რეჟიმისგან შეტყობინება მიიღო 800-მდე ადამიანის სიკვდილით დასჯის გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ.
ამასთანავე, WP-ს წყაროების თქმით, ტრამპი ახლო აღმოსავლეთის მორიგი ქვეყნის პოტენციური დესტაბილიზაციის შესახებ არაპროგნოზირებადობის წინაშე აღმოჩნდა. პენტაგონის მაღალჩინოსნები ღელავდნენ, რომ რეგიონში არასაკმარისი რაოდენობის აშშ-ს სამხედრო ძალების გამოც, რომლებიც ირანზე დარტყმის შემდეგ თეირანის მხრიდან საპასუხო იერიშის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ.
ორმა წყარომ ისიც აღნიშნა, რომ ამ აზრს ისრაელიც იზიარებდა, რადგან გასული წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დროს, ისრაელმა ირანიდან გაშვებული რაკეტების გასანეიტრალებლად დიდი რაოდენობის რაკეტები დახარჯა.
ამას გარდა, გავლენიანმა არაბმა დიპლომატმა და კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა სპარსეთის ყურიდან თქვა, რომ თეთრ სახლს თავშეკავებისა და დიპლომატიისკენ რეგიონში აშშ-ს მთავარმა მოკავშირეებმა, მათ შორის, საუდის არაბეთმა, კატარმა და ეგვიპტემაც მოუწოდეს.
გამოცემის ცნობით, ტრამპს აშშ-ს ომის დეპარტამენტმა და სადაზვერვო სააგენტოებმა ირანზე იერიშის რამდენიმე ვარიანტი წარუდგინეს, თუმცა, წყაროების მიხედვით, მან გადაწყვიტა, რომ ეს სარგებელს ვერ მოიტანდა, ხოლო შედეგები ზედმეტად დიდი იქნებოდა.
ერთ-ერთი პირის ცნობით, აშშ-ს თეირანიც დაუკავშირდა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ უიტკოფისადმი მიწერილმა შეტყობინებამ “გარკვეულწილად ვითარება ასევე განმუხტა”.
ერთ-ერთი პირის თქმით, საბოლოოდ ვენსი დათანხმდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ მომხდარიყო ირანზე დარტყმა.
თუმცა, მაღალჩინოსნებმა ისიც თქვეს, რომ პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ექნება შესაძლებლობა, რომ ირანის წინააღმდეგ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში იერიშების მიტანის ბრძანება გასცეს, როცა რეგიონისკენ გაგზავნილი აშშ-ს ძალები დანიშნულების ადგილზე ჩავლენ.
ერთ-ერთმა წყარომ Washington Post-ს განუცხადა, რომ საფრთხის დონის შემცირება მალე მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან აშშ-ს არმიის ცენტრალურ სარდლობას “მომდევნო თვის განმავლობაში” 24/7 რეჟიმში მაღალ დონეზე მუშაობა დაავალეს.




