მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ინფორმაციით, სააგენტოსა და „მსოფლიო რაგბის“ ერთობლივი გამოძიების შედეგად, ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ექვს მოთამაშესა და პერსონალის ერთ წევრს. მათივე ცნობით, მსოფლიო ანტიდოპინგურმა კოდექსმა (Code) გამოავლინა არაერთი დარღვევა: „რის გამოც WADA-მ ნდობა დაკარგა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) მიმართ“, – წერია განცხადებაში.
WADA-ს განცხადების მიხედვით, 2023 წელს დაწყებულმა გამოძიებამ შეისწავლა დოპინგზე ანალიზების ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ბრალდებები და დაადასტურა:
- ანალიზების ჩანაცვლების 5 შემთხვევა;
- საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თანამშრომლები მორაგბეებს წინასწარ ატყობინებდნენ დაგეგმილი ტესტირებების შესახებ;
- დოპინგ-კონტროლის ოფიცრები არ მეთვალყურეობდნენ სპორტსმენებს და არ სწრებოდნენ შარდის ჩაბარების პროცესს.
„ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, აღმაშფოთებელია. ეს შოკისმომგვრელი იქნება როგორც ქართული სპორტისა და მთავრობისთვის, ისე რაგბის მსოფლიო სამყაროსთვის. WADA-მ ნდობა დაკარგა GADA-ს ანტიდოპინგური პროგრამის მიმართ. აუცილებელია ძირეული ცვლილებები შესაბამისი უწყებების მხრიდან“, – აცხადებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს პრეზიდენტი ვიტოლდ ბანკა.
WADA-ს განცხადების მიხედვით, გამოძიება გრძელდება და შეისწავლიან ქართული სპორტის სხვა სფეროებსაც. შესაძლოა, ასევე განიხილონ GADA-ს წინააღმდეგ დაჩქარებული სანქციების პროცედურა.
WADA-ს დაზვერვისა და გამოძიების დირექტორმა, გიუნტერ იუნგერმა, მადლობა გადაუხადა „მსოფლიო რაგბის“ თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სინჯების გრძელვადიანი შენახვის პროგრამა გადამწყვეტი აღმოჩნდა სიმართლის დასადგენად, რადგან სწორედ დნმ-ის ანალიზმა და შედარებამ გახადა შესაძლებელი ჩანაცვლების ფაქტების მხილება.
რაგბის კავშირსა და საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ ფედერაციასა და რაგბის კავშირთან ერთად იმსჯელებენ მისაღებ ზომებზე.
„ქართული რაგბით დღესაც ვამაყობთ და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ქართული რაგბის განვითარებას. რაც შეეხება დოპინგთან დაკავშირებულ ფაქტს, ეს მოხდა 2023 წელს, იყო ძალიან სამწუხარო. რამდენიმე მოთამაშე იყო ამ ყველაფერში ჩართული და საერთაშორისო კავშირმა მიიღო შესაბამისი ზომები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა, ბუნებრივია, ქართული რაგბის განვითარება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ რაგბის განვითარებას. […]
ფედერაციაც ჩაიხედავს ამ ყველაფერში, რაგბის კავშირი და ვიმსჯელებთ ყველა ერთად, რაიმე ზომები იქნება მისაღები, მივიღებთ. მთავარია, რომ არ შეფერხდება, არავითარ შემთხვევაში, ქართული რაგბის განვითარება, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები“, – განაცხადა კობახიძემ.




