თბილისის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 14 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა. ახალგაზრდა ჯუდოკამ თორნიკე გიგაურმა (-66 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
19 წლის გიგაური ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, თორნიკემ ჯერ უზბეკი აბდურაახიმ ნუტფულოევი, შემდეგ კი ყაზახი აკილჟან ჟუბატკანოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუს რამაზან აბდულაევს სძლია. სამწუხაროდ, თორნიკე ნახევარფინალში აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი კვიპროსელ პეტროს ხრისტოდოულიდეს აჯობა.
ფინალურ ბლოკში იასპარეზა ნინო ლოლაძემაც (-57 კგ.), რომელიც სამწუხაროდ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფინელ ჰიპლა სალონენთან იპონით დამარცხდა.
ნინომ ჯერ ლიხტენშტეინის წარმომადგენელ ლეა ვისს აჯობა, შემდეგ კი ხორვატ ანა პულიზს სძლია. ლოლაძე მეოთხედფინალში ისრაელელ ინბალ შემეშთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი სერბ მარიცა პერიშიჩს სძლია.