ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ორლანდო მეჯიქი” 105:104 დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე ორი წამით ადრე “ანგელოზების” მსროლელმა ლუკ კენარდმა სამქულიანი ზუსტად ტყორცნა და კალიფორნიელებმა ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგეს. მასპინძელთა რიგებში გოგამ მოედანზე 18:06 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ადგილი ერთ უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა დონჩიჩი საჯარიმოებს ტყორცნიდა, სლოვენიელსა და გოგა ბითაძეს შორის უსიამოვნო სიტყვების გაცვლა-გამოცვლა მოხდა, რის შემდეგაც დონჩიჩმა მიმდინარე სეზონში მე-16 ტექნიკური ჯარიმა მიიღო, ამის გამო ლუკა მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს და “ლეიკერსს” 24 მარტს, “დეტროიტ პისტონსთან” უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
მატჩის შემდეგ დონჩიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გოგამ შეურაცხყოფა მის ოჯახს მიაყენა:
“როცა საჯარიმოებს ვესროდი, გოგამ სერბულ ენაზე მითხრა, რომ მთელ ჩემს ოჯახს გა***ავდა, ამას ვერ ავიტანდი, ის ჩემს ოჯახს არ უნდა შეხებოდა”, – განაცხადა დონჩიჩმა.
ამავე თემასთან დაკავშირებით კომენტარი გოგამაც გააკეთა და განაცხადა, რომ სლოვენიელმა მისი დედა შეურაცხყო, რის გამოც დონჩიჩმა პასუხი მიიღო:
“მე დიდ პატივს ვცემ ლუკას. ასევე ნამდვილად პატივს ვცემ ყველას ოჯახს. ქვეყანაში, სადაც დავიბადე, ოჯახი ნამდვილ სიწმინდედ ითვლება და ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის ოჯახებს. ამას პირდაპირ არასდროს ვიტყოდი..
ის, რაც მან თქვა, არ მგონია, რომ სიმართლე იყოს. ვიცი, რომ ეს სიმართლე არ არის. ვიცი, რაც ვთქვი და ბოდიშს ვიხდი თუ ხაზები გადაიკვეთა. მან რაღაც თქვა დედაჩემზე, რაც ნამდვილად შეუფერებელია. ჩვენ ასეთ რაღაცებს არ ვამბობთ. ამიტომ, უბრალოდ ვთქვი ის, რაც დედაჩემს აკადრა და იმავეთი ვუპასუხე”, – განაცხადა ბითაძემ.
ცნობისთვის, “ლეიკერსი” აღნიშნული მომენტის გადახედვას და დონჩიჩისთვის მე-16 ტექნიკური ჯარიმის გაუქმებას ითხოვს.
გოგას “ორლანდო” 38 მოგებითა და 22 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 24 მარტს “ინდიანა პეისერსის” წინააღმდეგ გამართავს.