“მანჩესტერ სიტიმ” მნიშვნელოვანი საშინაო ქულები დაკარგა საჩემპიონო რბოლაში. შესაძლოა, “ჩელისისთან” საშინაო ფრე არც იყოს სასირცხვილო ამბავი, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდს უპირისპირდებოდა სამწვრთნელო კრიზისში მყოფი ოპონენტი და “სიტი” მაინც ვალდებული იყო, მოეგო ეს თამაში.
ოღონდ, პრაქტიკა იმასაც ამტკიცებს, რომ ძალიან ხშირად ახალი მწვრთნელის მოსვლა გუნდებზე დადებითად მოქმედებს და ეს ვნახეთ სწორედ “ეტიჰადზე”. კალუმ მაკფერლაინს, რომელიც დროებით უძღვებოდა “არისტოკრატებს”, ახლო წარსულში “სიტის” აკადემიაში უმუშავია და, ასე თუ ისე, რაღაც წარმოდგენაც ექნებოდა მთავარი გუნდის შიდა სამზარეულოზე.
ვინ იცის, იქნებ იმიტომაც დაისაჯა გვარდიოლა, რომელმაც ზედმეტად ფრთხილი თამაში აირჩია, უღალატა თავის ზნეს და 1:0-ის შემდეგ დიდად არ იზრუნა უპირატესობის განვრცობაზე, რის გამოც პასუხად მიიღო ენცო ფერნანდესის საპასუხო გოლი მეოთხე დამატებულ წუთზე.




