მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, L ჯგუფში ინგლისმა ხორვატია 4:2 დაამარცხა და რომ არა მეკარე ლივაკოვიჩის ჩინებული თამაში, უფრო დიდი ანგარიშითაც მოუგებდა.
ეს, ალბათ, მიმდინარე ტურნირზე ჯერჯერობით საუკეთესო თამაში იყო.
მატჩი ინგლისელთა შეტევებით დაიწყო, მოდრიჩი უნებურად მადუეკეს ეუხეშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. კეინის დარტყმული ლივაკოვიჩმა მოიგერია, მაგრამ იქამდე მან კარის ხაზი დატოვა, ჰარის მეორედ მისცეს თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება და მან ამჯერად გაიტანა. ხორვატებმა ლამის პირველივე შანსი გამოიყენეს, როდესაც პიკფორდის კარი ბატურინამ დალაშქრა. თუმცა, შემდეგ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს კეინმა მეტოქის კარში თავით მიუჩინა ადგილი. პირველი ტაიმის დასასრულს პერიშიჩის პასით თანაფარდობა მუსამ აღადგინა.
შესვენების შემდეგ „სამი ლომი“ სრულად დომინირებდა – ბელინგემმა ისევ წინ გაიყვანა ინგლისი. მერე ლივაკოვიჩმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. 85-ე წუთზე რაშფორმა უპირატესობა გაზარდა და ტუხელის გუნდმა გაიმარჯვა.
ამავე ჯგუფში დღეს განა პანამას დაუპირისპირდება.
მეორე ტურში, 24 ივნისს ინგლისი განას, პანამა კი ხორვატიას შეხვდება.
არლინგტონი. „AT&T სთედიუმი“
ინგლისი – ხორვატია 4:2
გოლები: 1:0 კეინი (12, პენ), 1:1 ბატურინა (36), 2:1 კეინი (42), 2:2 მუსა (45+5), 3:2 ბელინგემი (47), 4:2 რაშფორდი (85)
– ინგლისმა ზედიზედ მესამედ მოიგო ტურნირის პირველი მატჩი, რაც რეკორდია.
– მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის ავტორი კეინი დასახელეს. მან მსოფლიო ჩემპიონატებზე მეხუთე პენალტი გაიტანა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 115 მატჩში 81 გოლია, რაც თავისი ქვეყნის რეკორდია.
– 22 წლის და 353 დღის ბელინგემი ევროპული ფეხბურთის რეკორდსმენი გახდა – ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც მსოფლიოს ორ და ევროპის ორ პირველობაზე მიიღო მონაწილეობა. მან პოდოლსკის რეკორდი დაამხო.
– 37 წლის პერიშიჩმა ოთხ მუნდიალზე გააკეთა საგოლე გადაცემები და მესის რეკორდი გაიმეორა.
