პრემიუმ კლასის ქვევრის ღვინოების მწარმოებელმა კომპანიამ Victory Wines-მა საექსპორტო ბაზრები გააფართოვა და ავსტრიასა და სლოვაკეთში მდებარე რესტორნების ქსელთან “ბატონი ჯგუფი” თანამშრომლობა დაიწყო. ამის შესახებ მეღვინეობის თანადამფუძნებელმა, დავით ქორიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
Victory Wines პრემიუმ კლასის ქვევრის ღვინოების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 6 სახის ქვევრის ღვინოს აწარმოებს, საიდანაც 5 ქართლის ჯიშია, ხოლო 1 კახური (რქაწითელი). მეღვინეობის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, ნედლეულის გარკვეული ნაწილი მათი ვენახებიდანაა, ხოლო ნაწილს ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებიდან იბარებენ. კომპანია წელიწადში 70 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის 60%-საც ექსპორტზე ყიდის.
“თანამშრომლობა დავიწყეთ ავსტრიასა და სლოვაკეთში მდებარე უნიკალური რესტორნების მფლობელ “ბატონი ჯგუფთან”. მათ მფლობელობაშია რესტორნები ქალაქ ვენაში “ბატონი” და “ოდესა”, ასევე ქალაქ ბრატისლავაში “ბატონი”, “ბუბა”, “მამული”. წელიწადში 70 000 ბოთლს ვაწარმოებთ. წარმოებული ღვინის 60% ექსპორტზე გადის, ხოლო 40% ადგილობრივად, ღვინის ბუტიკებსა და რესტორნებში იყიდება. პირველ ეტაპზე, ამ ახალ ბაზრებზე (ავსტრია, სლოვაკეთი) 5000 ბოთლი გადმოვტვირთეთ.
ქართული ქვევრის ღვინისთვის ევროპული და ამერიკული ბაზრები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ბევრს იხდიან. რუსეთში არც ერთი ჩვენი ღვინო არასოდეს გაგვიყიდია და არც გვაქვს ინტერესი. ვთვლით, რომ საინტერესო ბაზარი არ არის, არც სტაბილურია და უფრო დაბალი სეგმენტისაა. ჩვენი ღვინო საერთაშორისო ბაზარზე $42 ღირს. საქართველოდან სპეციალურად მოვიპატიჟეთ სომელიე, ჯაბა ძიმისტარაშვილი, რომ მან რესტორნის სტუმრებს, კერძოდ ბლოგერებს და ჟურნალისტებს მასტერკლასი ჩაუტაროს და აუხსნას, თუ რა არის ქართული ქვევრის ღვინო”, – ამბობს Victory Wines-ის თანადამფუძნებელი.
დავით ქორიძის ცნობით, კომპანია ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს პოლონეთთან აწარმოებს. ამასთან, პრიორიტეტული ბაზარი ამერიკაა. ამ ეტაპზე, Victory Wines წარმადობის ზრდას არ გეგმავს და საკუთარი განვითარების გეგმის ფარგლებში მოქმედებს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მეღვინეობის თანადამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანია 3-4 წელიწადში, ქართლის შემდეგ მარნის მშენებლობას კახეთში გეგმავს, რომელიც სადეგუსტაციო სივრცესაც უზრუნველყოფს. კომპანიამ მიწის ნაკვეთი ყვარელში უკვე შეიძინა და საწყის ეტაპზე, 1 მლნ ლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.