ტურისტული კომპანია Via Travel, რომელიც მაღალ მხარჯველუნარიან (luxury) სეგმენტზე მუშაობს, ზაფხულის ტურისტულ სეზონს სტაბილურად აფასებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ნინო ნამგალაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
კომპანიის განცხადებით, მოთხოვნა ძირითადად ევროპულ კუნძულებზეა — ლიდერობს საბერძნეთი, ხოლო შემდეგ მოდიან თურქეთი და იტალია. ნამგალაძე აღნიშნავს, რომ წინასწარი ჯავშნების რაოდენობა დაბალია, რაც მომხმარებლებს უფრო შეზღუდულ არჩევანს უტოვებს სასურველი ტურისტული მიმართულების საუკეთესო ფასად შერჩევისთვის.
“ჩვენი კომპანიისთვის, ნომერ პირველი მიმართულება გაყიდვების კუთხით არის საბერძნეთი. საუბარია კუნძულებზეც და არა მხოლოდ იმ ლოკაციებზე, სადაც პირდაპირი რეისია. მას შემდეგ თურქეთი და იტალიის მიმართულებები ლიდერობენ. იტალიის კუნძულები გაცილებით ძვირი სიამოვნებაა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებებით ჩვენი თანამემამულენი აქტიურად მოგზაურობენ. ვერ ვიტყვი, რომ ზრდა მოთხოვნის კუთხით ძალიან დიდია, სავარაუდოდ გასული წლის მსგავსია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის მაგალითზე ასეა“, – თქვა მან.
კომპანიის დამფუძნებელი ნინო ნამგალაძე აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ, ტურებზე გაზრდილი მოთხოვნა ისევ მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს, თუმცა მომხმარებელთა უმეტესობა ბილეთებს ძალიან გვიან ყიდულობს, რაც კომპანიებისთვის გამოწვევაა. ის ამბობს, რომ ავიაბილეთებზე ფასები მკვეთრად გაზრდილია, განსაკუთრებით იტალიის, საბერძნეთისა და საფრანგეთის კუნძულების მიმართულებით, სადაც ბილეთის ღირებულება 700 ევროს შეადგენს.
მისივე თქმით, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მიმართულებებიდან, მიუთითებს იმაზე, რომ ტურიზმის გეოგრაფია ფართოვდება და ინდოეთისა და ჩინეთის ბაზრების გახსნა, შესაძლოა მომავლის სერიოზული ტენდენცია გახდეს.
