USAID რიგ ფუნქციებს 1 ივლისამდე სახდეპს ჩააბარებს, დანარჩენს კი გააჩერებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, -ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) კონგრესს შეატყობინა, რომ თავის რიგ ფუნქციებს სახელმწიფო დეპარტამენტს 1 ივლისამდე ჩააბარებს, დანარჩენს კი გააჩერებს.
ამის შესახებ სახდეპის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე ილაპარაკა, მანამდე კი სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განცხადება გაავრცელა.
ბრიუსის ცნობით, USAID-მა კონგრესს შეატყობინა, რომ სააგენტო ამ წლის 1 ივლისამდე თავის რიგ ფუნქციებს სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცემს. მისივე თქმით, სააგენტო აჩერებს დანარჩენ პროგრამებს, “რომლებიც [პრეზიდენტის] ადმინისტრაციის პრიორიტეტებს არ შეესაბამება”.
“სწორად შესრულებულ საგარეო დახმარებას ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევა, ჩვენი საზღვრების დაცვა და საკვანძო მოკავშირეებთან ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება შეუძლია. სამწუხაროდ, USAID თავის თავდაპირველ მისიას დიდი ხნის წინ ჩამოცილდა. შედეგად, მიღებული სარგებელი ზედმეტად მცირე იყო, ხარჯები კი ზედმეტად დიდი.
პრეზიდენტ ტრამპის წყალობით, ეს შემცდარი და ფინანსურად უპასუხისმგებლო ეპოქა ახლა დასრულებულია. ჩვენს საგარეო დახმარების პროგრამებს ორიენტაციას ხელახლა ვაძლევთ, რათა პირდაპირ ემთხვეოდეს იმას, რაც აშშ-სთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის საუკეთესოა. სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელ პროგრამებს ვაგრძელებთ და ვაკეთებთ სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენივე ქვეყანას აძლიერებს”. – წერია განცხადებაში.
მედიაში ასევე გავრცელდა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტთან (DOGE) კავშირის მქონე USAID-ის თანამდებობის პირის მიერ პერსონალისთვის გაგზავნილი შიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, სააგენტოში კანონით გაუთვალისწინებელი პოზიციები უქმდება.
“შემდეგი სამი თვის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტთან მჭიდროდ ვიმუშავებთ მათი შესაძლებლობების გასაზრდელად, რათა USAID-ის დარჩენილი სიცოცხლის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული დახმარების პროგრამების პასუხისმგებლიანი ადმინისტრირება იკისროს”. – წერია შეტყობინებაში.
შეტყობინებაში წერია, რომ სახდეპი USAID-ისგან ჩაიბარებს პროგრამებს, რომლებიც “ჰუმანიტარულ დახმარებას, გლობალური ჯანდაცვის ფუნქციებს, სტრატეგიულ ინვესტიციებსა და ეროვნული უსაფრთხოების შეზღუდულ პროგრამებს” ეხება, ხოლო “სავარაუდოდ, სხვა ფუნქციები არსებითად დეპარტამენტში არსებული ფუნქციებისა და შესაძლებლობების ასლებია და რესტრუქტურიზაციის გეგმის ფარგლებში გაუქმდება”.
დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, გაპრეზიდენტების პირველ დღესვე, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების 90 დღის ვადით შეჩერებას გულისხმობდა. ბრძანების საფუძველზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა არსებული და ახალი საგარეო დახმარების პროგრამა შეაჩერა.
თებერვლის დასაწყისში ტრამპმა სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ხოლო რუბიომ გაიმეორა ტრამპის ადმინისტრაციის პირობა, რომ USAID-ის ფუნქციები თანხვედრაში უნდა იყოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან.
5 თებერვალს ტრამპის ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ USAID-ის პირდაპირი წესით დასაქმებული ყოველი პირი ანაზღაურებად შვებულებაში გავა, ხოლო უცხოეთში მომუშავე თანამშრომლებს აშშ-ში დააბრუნებენ.
ამასთანავე, გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გვატემალაში აშშ-ს საელჩოში შეხვედრისას, რომელსაც ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, მარკო რუბიომ USAID-ის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საგარეო დახმარება “მთავრობის ყველაზე არაპოპულარული დანახარჯი იყო” და რომ ამ მიმართულების დაცვა მისთვის სულ უფრო რთულია.
სააგენტოს თანამშრომლებთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები არ ტოვებს საგარეო დახმარების პროგრამებს, თუმცა ეს უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომელთა აუცილებლობის ახსნა და დაცვაც შესაძლებელი იქნება. რუბიოს თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარეო დახმარებას “საფრთხე ექმნება”.
წყარო: tabula.ge