USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა – ილან მასკი თბილისის აქციების კადრებს აზიარებს
ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ბოროტებაა.
„USAID-ი იყო რადიკალი მემარცხენე მარქსისტი კრიმინალების ბუდე, რომლებსაც სძულთ ამერიკა“, – წერს მასკი.
კიდევ ერთ პოსტში მასკი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კრიმინალურ ორგანიზაციად მოიხსენიებს.
„USAID-ი არის კრიმინალური ორგანიზაცია. დროა, რომ მოკვდეს“, – წერს მასკი.
მასკი აზიარებს მაიკ ბენცის პოსტს, სადაც ბენცი საუბრობს USAID-ისა და მისი როლის შესახებ ინტერნეტცენზურასა და პოლიტიკური კონტროლის სტრუქტურების შექმნის მიმართულებით.
„მე ჩავატარე 50-საათიანი პირადი ლექციები USAID-ისა და მისი მთავარი როლის შესახებ ინტერნეტცენზურაში, საზოგადოებაზე პოლიტიკური კონტროლის სტრუქტურების შექმნასა და მის საკვანძო როლზე CIA-ს თაღლითურ მუშაობაში. როდესაც ამ კვირაში სახლში დავბრუნდები, დავდებ ამ ჩანაწერებს“, – წერს ბენცი.
ამასთან, ბენცი აღნიშნულ პოსტს თან ურთავს მის მიერვე მომზადებულ ვიდეოს, სადაც თბილისში გამართული აქციების კადრებიც მოხვდა.
„გაკვეთილი მიმდინარეობს! დღეს საღამოს 21:00 საათზე მე ჩავატარებ კიდევ ერთ ლექციას ლაივსტრიმინგზე ჩემი საყვარელი გამომწერებისთვის: უფრო ღრმად ჩავწვდები „USAID-ის გაგებას“. შემდეგ, კვირის ბოლოს, მე გამოვაქვეყნებ კლიპებს, თუ რა არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი განყოფილებები“, – აღნიშნავს ბენცი ვიდეოს აღწერაში.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი ამ დროისთვის მიუწვდომელია. დღეს „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ვებგვერდი მას შემდეგ გაითიშა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ.