UNICEF-ის ხელმძღვანელი ღაზის სექტორში ვიზიტის დროს დევნილ პალესტინელ ბავშვებს შეხვდა

ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაცია UNICEF-ის ხელმძღვანელი ღაზის სექტორს ეწვია.
ქეთრინ რასელი, საქველმოქმედო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, შეხვდა ისრაელ-“ჰამასის” კონფლიქტის შედეგად დევნილ პალესტინელებს.
ის ასევე შეხვდა გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ღაზაში, რომლებმაც, მისი თქმით, გაუზიარეს “საკუთარი გულისამაჩუყებელი ისტორიები ომის გავლენის შესახებ მათ შვილებზე, დაღუპული ოჯახის წევრების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ გადაასახლეს ისინი მრავალჯერ”.
“კონფლიქტის მხარეები სჩადიან მძიმე დარღვევებს ბავშვების მიმართ; ეს მოიცავს მკვლელობას, დასახიჩრებას, გატაცებას, თავდასხმებს სკოლებსა და საავადმყოფოებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარის თქმას – რასაც UNICEF გმობს”, – აღნიშნა მან განცხადებაში.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეწვია ხან იუნისში მდებარე ალ ნასერის საავადმყოფოს, სადაც მან თქვა, რომ შეხვდა პაციენტებს და დევნილ ოჯახებს, რომლებიც თავშესაფარს და უსაფრთხოებას ეძებენ.
“16 წლის გოგონამ მითხრა საავადმყოფოს საწოლიდან, რომ მისი უბანი დაბომბეს. ის გადარჩა, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ვეღარასოდეს შეძლებს სიარულს”, – თქვა მან.
მისი თქმით, ექიმები ღელავენ როგორ შეძლებენ ჩვილების გადარჩენას ინკუბატორებში, რადგან საწვავის მარაგები კრიტიკულია.
საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოუწოდა დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ.