ისეთი მსოფლიოს შექმნა, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მათთვის სასურველი ოჯახების შექმნა, ფინანსურ დახმარებაზე მეტს მოითხოვს – ნამდვილი კრიზისი არის ის, რომ ქვეყნები ვერ ახერხებენ აღმოფხვრან დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანებს შექმნან თავიანთი ოცნების ოჯახი და ჰყავდეთ იმდენი შვილი, რამდენიც სურთ – ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფლორენს ბაუერი აღნიშნავს.
მისივე აზრით, ადამიანებზე ზეწოლა, მეტი ბავშვის გაჩენის მიზნით, არაეფექტურია.
„რა მდგომარეობაა შობადობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში? თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ შემაშფოთებენ ახალ ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ აღწევს კიდევ ერთი ქვეყნის შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმს. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა უკრაინა და სამხრეთ კორეა, შობადობის საშუალო მაჩვენებელი ერთ ქალზე ერთ ბავშვსაც კი არ შეადგენს. შობადობის ტრადიციულად მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებშიც კი მონაცემები უფრო მცირდება. მაგალითად, თურქეთში, მხოლოდ ერთი ათწლეულის განმავლობაში, აღნიშნული მაჩვენებელი 2,2-დან 1,5-მდე შემცირდა. ფაქტია, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დიდ ნაწილში, შობადობის ტენდენცია მხოლოდ ერთი მიმართულებით მიიწევს: ქვევით. რატომ ხდება ასე? როდესაც ადამიანებს უსვამენ კითხვას, რამდენი შვილი სურთ რომ ჰყავდეთ, მათი უმრავლესობა, ზოგადად, ყველგან ორს ან მეტს ასახელებს. გამოდის, რომ არის რაღაც, რაც მათ აბრკოლებს იყოლიონ სასურველი რაოდენობის შვილები და უბიძგებს, ცხოვრების მანძილზე შეცვალონ ოჯახთან დაკავშირებული საკუთარი გეგმები. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) უახლეს ანგარიშში ახსნილია, თუ რა უშლის ხელს ადამიანებს შექმნან ისეთი ოჯახები, როგორიც მათ სურთ. ჩვენ გამოვკითხეთ 14 000 ადამიანი, მსოფლიოს 14 ქვეყანიდან, რათა გაგვეგო რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი.
ყველაზე დიდ დაბრკოლებად დასახელდა ეკონომიკური მდგომარეობა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (54%) აცხადებს, რომ მათმა ფინანსურმა მდგომარეობამ, ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ნაკლებობამ, სამუშაოს არასტაბილურობამ ან ბავშვის მოვლისთვის საჭირო მაღალმა ხარჯებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ან შეიძლება ითამაშოს, იმაში, რომ მათ არ ჰყავთ იმდენი შვილი, რამდენის გაჩენაც სურთ. სხვა ფაქტორებს შორისაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა უნაყოფობა (24%), მომავლის შიში (19%) და სექსისტური ნორმები და ურთიერთობის პრობლემები, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ვერ პოულობენ შვილების გასაჩენად შესაფერის პარტნიორს (14%) და მარტოხელა მშობელთა რიცხვი იზრდება, რასაც გარკვეულწილად განაპირობებს ახალგაზრდა კაცებისა და ქალების ერთმანეთისგან განსხვავებული გენდერული დამოკიდებულებები და ღირებულებები. დაბრკოლებას წარმოადგენს ასევე განცდა, რომ პარტნიორის წვლილი ბავშვის მოვლაში არასაკმარისია (11%). ანგარიშის თანახმად, დღევანდელ მსოფლიოში, უამრავი ადამიანი ვერ ახერხებს ისეთი ოჯახის შექმნას, როგორიც მათ სურთ. 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის, რომლებიც რეპროდუქციულ ასაკში აღარ იმყოფებიან, 40 პროცენტმა განაცხადა, რომ მათ იმაზე ნაკლები შვილი ჰყავთ, ვიდრე გეგმავდნენ ან სურდათ.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შობადობის დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებშიც კი, ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობით არიან ადამიანები, ვისაც იმაზე მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე სურდათ. ეს მიუთითებს მასზე, რომ მათთვის კვლავ პრობლემად რჩება კონტრაცეფციის საშუალებებზე წვდომა და არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება. (რა თქმა უნდა, აღნიშნული პრობლემა გაცილებით მწვავედ დგას შობადობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში).
იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი ადამიანი ვერ ახერხებს სასურველი ოჯახის შექმნას, და მათ გადაწყვეტილებაზე მიზეზთაასეთი ფართო სპექტრი მოქმედებს, ანგარიშში მოცემული გზავნილი ქვეყნის დემოგრაფიული მომავლით შეშფოთებული მთავრობებისთვის ნათელია: შობადობის დაბალი მაჩვენებელი თავისთავად კრიზისს არ წარმოადგენს, იგი მხოლოდ სიმპტომია. ნამდვილი კრიზისი არის ის, რომ ქვეყნები ვერ ახერხებენ აღმოფხვრან დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანებს შექმნან თავიანთი ოცნების ოჯახი და ჰყავდეთ იმდენი შვილი, რამდენიც სურთ. ანგარიშის მიგნებებში ისიც ახსნილია, თუ რატომ განიცდის მარცხს მთავრობების მცდელობა, ხელი შეუწყონ შობადობის ზრდას ბავშვის გაჩენისთვის დაწესებული სხვადასხვა ჯილდოს, საგადასახადო შეღავათებისა თუ მსგავსი ფინანსური წახალისებების საშუალებით. ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორც უშუალოდ ფინანსური, ასევე, განსაკუთრებით ქალებისთვის, კარიერული შესაძლებლობების დაკარგვით გამოწვეული, როგორც წესი, იმდენად მაღალია, რომ ხელისუფლების მიერ გამოყოფილი კი ხარჯების მხოლოდ მცირე ნაწილს ფარავს. უფრო მეტიც, ფინანსური მხარდაჭერა ვერ აღმოფხვრის სხვა მრავალ პრობლემას, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანთა არჩევანზე, როგორებიცაა შესაფერისი პარტნიორის პოვნა, რომლის წინაშეც ბევრი ახალგაზრდა დგას; სოციალური ნორმები, რომლებიც შვილზე ზრუნვის ძირითად ტვირთს ქალებს აკისრებს; შვილის გაჩენასა და სამუშაოს შორის რთული არჩევანი, რომლის გაკეთებაც განსაკუთრებით ქალებს უწევთ; და შიში, რომელსაც ბევრ ადამიანი განიცდის საკუთარი და ჩვენი პლანეტის მომავალთან დაკავშირებით. ისეთი მსოფლიოს შექმნა, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მათთვის სასურველი ოჯახების შექმნა, ფინანსურ დახმარებაზე მეტს მოითხოვს. ადამიანებზე ზეწოლა, მეტი ბავშვის გაჩენის მიზნით, არაეფექტურია. ფაქტობრივად, ამგვარი ზეწოლა ადამიანის რეპროდუქციული უფლებების დარღვევისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის ჩამოშლის საფრთხეს ქმნის.
ამის ნაცვლად, რაც გვჭირდება, არის ის, რომ მთავრობები ყურადღებით უსმენდნენ ახალგაზრდებს, სერიოზულად აღიქვამდნენ მათ პრობლემებს და ცდილობდნენ მათ მოგვარებას. რაც გვჭირდება, არის ის, რომ მთავრობებმა დაამტკიცონ, რომ ისინი არ ეცდებიან მოსახლეობის რაოდენობის ზრდა უზრუნველყონ ქალების გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული უფლებებისა და საკუთარი სხეულის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე. რაც გვჭირდება, არის ის, რომ მთავრობებმა გაზარდონ ადამიანების მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელმისაწვდომი საცხოვრისი და ბავშვის მოვლა, მოქნილი სამუშაო გრაფიკი და მშობლობის შვებულება, უნაყოფობის პრევენცია და მკურნალობა და უფრო სამართლიანი გენდერული ნორმების დამკვიდრება. მოკლედ, რაც გვჭირდება, არის ისეთი საზოგადოებების შექმნა, რომლებიც ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებებზეა მორგებული, იმგვარად, რომ უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის შეინარჩუნებასა და კიდევ უფრო გაღრმავებას, იცავს რეპროდუქციულ უფლებებს და პატივს სცემს ადამიანთა უფლებას, არ ჰყავდეთ შვილი.
არ არსებობს ერთი მეთოდი, რომლის საშუალებითაც მთავრობები მარტივად შეძლებენ შობადობის მაჩვენებლის, სურვილისამებრ, ზრდასა თუ შემცირებას. მაგრამ მათ შეუძლიათ აღმოფხვრან ის დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანებს საკუთარი რეპროდუქციული მიზნების განხორციელებაში, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ ყველას შეეძლება ჰყავდეს იმდენი შვილი, რამდენის გაჩენაც სურს”, – აღნიშნავს ფლორენს ბაუერი.
