გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 27 მარტს უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და გავლენის (FIMI) შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც კომიტეტი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას აღწერს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები “თბილისსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობაზე მიანიშნებს,” რის ფონზეც კომიტეტი ქვეყნის მთავრობას ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირებისკენ მოუწოდებს.
ანგარიშის მიხედვით, რომელშიც FIMI-ზე პასუხისმგებელ მთავარ სახელმწიფო აქტორებად რუსეთი, ჩინეთი და ირანი არიან დასახელებულები, საქართველო რუსეთსა და დასავლეთს შორის შავი ზღვის რეგიონში გავლენისთვის კონკურენციის ფრონტს წარმოადგენს, რის ფარგლებშიც გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი მხარს უჭერდნენ ქართველი ხალხის სურვილს, რომ ქვეყანა დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, ხოლო რუსეთს სურს, აღკვეთოს საქართველოს NATO-ში გაწევრიანება და დახმარებას უწევს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საგარეო კომიტეტი წერს, რომ არჩევნების დროს “ყველას, მათ შორის, იქ მყოფი ყველა სადამკვირვებლო მისიის თვალშიც, ძალზე აშკარა იყო მასშტაბური და დახვეწილი მანიპულაციის ოპერაცია, რომელიც ცხადად რუსებისა და რუსული მეთოდების მიერ იყო შთაგონებული და მხარდაჭერილი.
თემთა პალატის დავალებით შედგენილ ანგარიშში ასევე საუბარია 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების მიერ მიღებულ ზომებზეც, რის ფარგლებშიც ოცნებამ “უგულებელყო ოპოზიციური ხმები, შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის პროექტები ჩინურ ფირმებს გადასცა და იმეორებდა პრორუსულ, ანტიდასავლურ ნარატივებს”.
ანგარიშის შედგენის დროს საგარეო საქმეთა კომიტეტმა კითხვით გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს, სტივენ დაუთისაც მიმართა და სთხოვა განემარტა, თუ რა სახის დახმარებას უწევს ბრიტანეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. კითხვები ასევე ეხებოდა დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და ქართული ოცნების პარტიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პოტენციური სანქციების დაწესებასაც.
კომიტეტის პასუხად დაუთიმ აღნიშნა, რომ “გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ დიდი ხანია საქართველოსთან პარტნიორობის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.”
თუმცა, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ სალომე ზურაბიშვილი უარყოფს, რომ რუსულ ჩარევასთან ბრძოლის მხრივ დასავლეთმა საქართველოს დახმარება გაუწია: “ჩვენ დახმარება არ მიგვიღია. რუსულ სტრატეგიასთან გასამკლავებლად არანაირი ნათელი სტრატეგია არ ყოფილა.” – ციტირებს ზურაბიშვილს კომიტეტი გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ამას გარდა, კომიტეტი ასევე საქართველოს ნაწილში ახსენებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებასაც, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიში მომზადდა.
ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ OSCE/ODIHR-ის მანდატით მომზადებულ ანგარიშში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ “საქართველოში დემოკრატიული” უკუსვლა მოხდა, რის ფარგლებშიც ქართული ოცნების მთავრობამ “თანდათანობით შეზღუდა” სიტყვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები.
დასკვნის სახით ანგარიშში წერია, რომ თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის მხრივ გაუარესებული მდგომარეობის გამო, რა ტრაექტორიაც, ანგარიშის მიხედვით, ბელარუსის მსგავსად, საქართველოს “რუსეთის გავლენის სფეროში ფესვგადგმულ ავტოკრატიად” აქცევს.
კომიტეტი ასევე გმობს ქართული ოცნების მთავრობის მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას, ოპოზიციური ხმების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს, ლეგიტიმური პროტესტის შეზღუდვასა და დეზინფორმაციის გავრცელებას.
“ეს ქმედებები რუსული სახელმძღვანელოს იმიტაციას წარმოადგენს და მიანიშნებს თბილისსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებს, რაც მოიცავდა იმ ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებას, რომლებიც ლეგიტიმური პროტესტის პასუხად ადამიანის უფლებების დარღვევების ხელშეწყობაზე არიან პასუხისმგებელნი.
ამავდროულად, კომიტეტი გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შემოიღოს ახალი გამიზნული ფინანსური და სავიზო სანქციები ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს მხარს უჭერენ, ასევე ქართველი კლეპტოკრატებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ქართული მედიების წინააღმდეგაც.


