დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სანქციები დაუწესა 3 რუსულ კერძო ნავთობკომპანიას: ტატნეფტს, რუსნეფტს, რუსნეფტგაზს და NNK-Oil-s.
აქედან ერთი რუსნეფტი საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ამ კომპანიამ მიმდინარე წლის ოქტომბერში ნავთობი გამოუგზავნა ყულევში გახსნილ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ტანკერმა „კაისერმა“ 6 ოქტომბერს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105 340 ტონა ციმბირის ნავთობი გადაიტანა.
რუსნეფტი არ არის რუსეთის სახელმწიფო კომპანია როსნეფტი. როსნეფტი თავის მხრივ UK-ის მთავრობას მანამდე ჰყავს დასანქცირებული.
ნავთობკომპანია „რუსნეფტი“ არის ერთ-ერთი მსხვილი რუსული ნავთობკომპანია, რომელიც, სახელმწიფო გიგანტებისგან (მაგალითად, „როსნეფტისგან“) განსხვავებით, კერძო საკუთრებაშია. კომპანიის დამფუძნებელი და მთავარი ფიგურა არის მიხეილ გუცერიევი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენი. თუმცა, ბოლო წლებში მფლობელობის სტრუქტურა რამდენჯერმე შეიცვალა სანქციების გამო. 2021 წელს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მიხეილ გუცერიევს სანქციები დააწესეს (ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ახლო კავშირის გამო). სანქციების დაწესების შემდეგ, გუცერიევმა ოფიციალურად დატოვა კომპანიის დირექტორთა საბჭო და თავისი აქციების ნაწილი ოჯახის წევრებზე გადააფორმა, რათა კომპანიას საქმიანობაში პრობლემები არ შეჰქმნოდა.




