კირ სტარმერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს წარუდგენს 30 000 ევროპელი ჯარისკაცის უკრაინაში გაგზავნის გეგმას ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ ცნობას ბრიტანული გაზეთი ტელეგრაფი ავრცელებს მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ეს შეხვედრა სტარმერსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის მომდევნო კვირას, ვაშინგტონში გაიმართება.
ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, თუ უკრაინასა და რუსეთს შორის ტრამპის ლიდერობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება, როგორ დააზღვიონ საფრთხე, რომ პუტინმა ცოტა ხანში ისევე არ შეუტიოს უკრაინას.
ამავე ინფორმაციის თანახმად, სტარმერი შესთავაზებს ტრამპს, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები და რაკეტები, რომლებიც ევროპაშია ბაზირებული, მზადყოფნაში იყოს მოყვანილი, თუ რუსეთი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეულ შეთანხმებას დაარღვევს.
რაც შეეხება ზემოხსენებულ 30 000-მდე ჯარისკაცს, ისინი “ტელეგრაფის” თანახმად განთავსდებიან უკრაინის ქალაქებში, პორტებსა და სხვა კრიტიკულ ადგილებში მათ შორის ბირთვულ ელექტროსადგურებთან. მათ დაევალებათ “ტექნიკური მონიტორინგი” იმისა თუ რა ხდება ადგილზე.
“ოპერაცია მხარდაჭერილი იქნება საკმარისი საცეცხლე ძალით რათა განხორციელდეს მონიტორინგი და უკუაგდონ საჰაერო თავდასხმები, რათა უზრუნველყონ უკრაინის საჰაერო სივრცის გახსნა, რაც გამოიწვევს კომერციული ფრენების აღდგენასაც”, – წერს ტელეგრაფი.
ამასთან საპატრულო ხომალდები გაიგზავნებიან შავ ზღვაში, რათა ამონიტორინგონ რუსული საფრთხე კომერციული საზღვაო გზების მიმართ.
დონალდ ტრამპის ინიციატივით აშშ-მა რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყო ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა მასში ჯერჯერობით არც უკრაინა და არც ევროკავშირის ქვეყნები ჩართულები არ არიან.
