UK-ის მთავრობამ უპასუხა ლორდი ფოულკსის კითხვას, BBC-ის გამოძიების შესახებ

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, ლეიბორისტი კანონმდებლის, ლორდი ფოულკსის შეკითხვას, რომელიც საქართველოში მომიტინგეთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას შეეხება. ბრიტანელი ლორდი დაინტერესდა, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებდა UK-ის მთავრობა ამ საკითხზე და შეკითხვა წერილობით გაუგზავნა საგარეო უწყებას, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.
„მივმართავ მთავრობას, გეგმავს თუ არა საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესებას ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციების საფუძველზე (The Chemical Weapons (Sanctions) (EU Exit) Regulations 2019) იმ ცნობების შემდეგ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დაშლისას საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა“, – ვკითხულობთ ლორდ ჯორჯ ფოულკსის მიერ ბრიტანეთის მთავრობისთვის გაგზავნილ წერილში.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნოს იმ გამოძიების შედეგები, რომელიც, მისი მტკიცებით, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩაატარა; კვლავ მოვუწოდებთ მათ, დაიცვან შეკრების თავისუფლების უფლება და პასუხისგებაში მისცენ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ გადამეტებულ ძალადობაზე”, – ნათქვამია საგარეო უწყების საპასუხო წერილში.
ლორდი ჯორჯ ფოულკსი არის ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი (პარლამენტის ზედა პალატა),
The Chemical Weapons (Sanctions) (EU Exit) Regulations 2019 – ეს არის დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო აქტი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, დააწესონ სანქციები ქიმიური იარაღის გამოყენებასთან ან გავრცელებასთან დაკავშირებულ პირებზე, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები ვრცელდება მის ოფშორულ ტერიტორიებზეც (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბერმუდა). ანუ დასანქცირებული პირების აქტივები იბლოკება (იყინება) არა მხოლოდ უშუალოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მის ოფშორულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ კომპანიებშიც ან მათ ანგარიშებზე. შეზღუდვები ვრცელდება სანქცირებულ პირთათვის ფინანსური რესურსების ან ეკონომიკური რესურსების პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.
პირველ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. „ქართულ ოცნებაში“ BBC-ს ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებიათ.