U20. რა მატჩი! რა ემოციები! – საქართველოს ნაკრებმა ფიჯის დრამატულ მატჩში სძლია!

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, მე-9-მე-12 ადგილების ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ფიჯი 40:36 დაამარცხა.
თამაში მართლაც საინტერესო და ლამაზი სანახავი გამოვიდა: დებიუტში ლაგვილავამ ყვითელი ბარათი მიიღო, მიუხედავად კაცნაკლულობისა ინიციატივას ქართველი მორაგბეები ფლობდნენ და საჯარიმოდან ცირეკიძემ დააწინაურა. შემდეგ მან კიდევ ერთი საჯარიმო გამოიყენა. ამას მეტოქის სწრაფი კონტრშეტევისას ლამაზი ლელო მოჰყვა, ზუსტადაც გარდასახეს და წინ გავიდნენ. თუმცა, კარგად აგორებული მოლის შედეგად ხახუბიამ ლელო გაიტანა, ცირეკიძემ კი უზადოდ გარდასახა. მერე ცირეკიძემ მორიგი ჯარიმის რეალიზება მოახერხა. ფიჯელები შერკინებაში აშკარად იჩაგრებოდნენ და არბიტრმა ყვითელი
ბარათი ნასაუს უჩვენა. მორიგი იერიშისას ლელო ბურთიკაშვილმა დადო, ხოლო ცირეკიძემ რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა. ბოლოს მოწინააღმდეგემ ლელოთი სხვაობა შეამცირა და პირველი ტაიმი 21:12 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ვიზავი მოგვეძალა, დვალმა ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი „უმცროსი ბორჯღალოსნების“ შეტევა შედეგიანი აღმოჩნდა – კოტორაშვილის გარღვევა გერგედავამ დააგვირგვინა, ცირეკიძემ გარდასახა, თუმცა მეტოქემ ორი ლელოთი და არაზუსტი გარდასახვებით გვიპასუხა. შემდეგ ლომიძის გარღვევას ლელო მოჰყვა, ცირეკიძემ გარდასახა. ამას ფიჯელთა მიერ ლელო-გარდასახვით ანგარიშის შემცირება მოჰყვა. ცოტა ხანში კვესელავამ ლელო დადო, ცირეკიძემ ვერ გარდასახა. ფიჯი იერიშებისას უფრო სწრაფი იყო, ისევ შეამცირა ანგარიში (40:36), შეხვედრა კიდევ უფრო დაიძაბა, ბოლოს კილასონიას შეგირდებმა შეუტიეს, ქუნთელიამ და კოტორაშვილმა ტრავმები მიიღეს, აგორებული მოლის შედეგად ჭამიაშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ არ ჩაითვალა. გაწითლებულ დროში მეტოქე იერიშზე გადმოვიდა, მსაჯმა ცხადაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ჩვენმა გუნდმა მაინც გაიმარჯვა.
მე-9-10 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, საქართველომ პირველი შეხვედრა ავსტრალიასთან 11:35 დათმო, ირლანდიასთან მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა (16:22), ხოლო იტალიას 28:17 მოუგო.
სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში. „დენი ქრავენ სთედიუმი“

საქართველო – ფიჯი 40:36

საქართველო

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).
ასეთი თამაში დიდი ხანია არ მინახავს. ფიჯელებს ტურბო უყენიათ მგონი და ხელზე წებო უსვიათ, წარმოუდგენელ სიჩქარეებზე ისეთ ოფლოუდებს აკეთებდნენ თვალის მიყოლას ვერ ვასწრებდი,თან ჯერ ბავშვები.. როგორც არ უნდა შევაქოთ ფიჯელები მათ სამივე წინა თამაში დიდი სხვაობით დათმეს და დღევანდელი ჩვენი დაცვის თამაში კრიტიკას ნამდვილად ვერ უძლებდა. მადლობა ბიჭებს რათქმაუნდა, მაგრამ გუნდმა,რომელმაც ინგლისი წააქცია და ირლანდია მიაყოლა კინაღამ ასეთ დაცვას არ უნდა თამაშობდეს.