TV პირველის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მათზე ძალადობის გამო გიორგი შინჯიკაშვილის მამას ბრალი წარედგინა.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 12 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ბრალდებულმა ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს და ოპერატორს, მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კამერა და ტელეფონი წაართვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
TV პირველის ჟურნალისტის, მარიამ მაკასარაშვილის განცხადებით, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, შინჯიკაშვილის მამამ პირადი მობილური ტელეფონი წაართვა, მის ოპერატორს კი – კამერა.
გიორგი შინჯიკაშვილი, რომელსაც მედიაში გავრცელებული ცნობებით დაპირისპირება ჰქონდა გდდ-ს მაშინდელ უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან („ხარებასთან“), ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან 12 მაისს გადადგა. სწორედ ამის შემდეგ მივიდა TV პირველის გადამღები ჯგუფი შინჯიკაშვილის სახლში.
ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილის განცხადებით, გიორგი შინჯიკაშვილის სახლში მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ და ჟურნალისტთან კომენტარი შინჯიკაშვილის მამამ გააკეთა.
ჟურნალისტის თქმით, შინჯიკაშვილის მამა თავს მას შემდეგ დაესხა, რაც მასთან ინტერვიუ ჩაწერეს და მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდნენ.
