TV პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის ადმინისტრაციული საქმის განხილვა ადვოკატის გარეშე გაიხსნა. სხდომაზე მან ადვოკატი მოითხოვა, რის შემდეგაც მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შესვენება გამოაცხადა.
TV პირველის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ ჯიოშვილი ისე გადაიყვანეს იზოლატორიდან სასამართლოში, მისთვის არ შეუტყობინებიათ. ამ დროისთვის [16:40], ის უკვე სასამართლოშია და სხდომის განახლებას ელოდება.
განახლება: სხდომა 17:00 საათზე განახლდა. ადვოკატი დარბაზშია.
“გუშინ, როგორც კი გამოვედით იზოლატორიდან, იმ წამსვე ვთქვით, რომ ისე არ გადაიყვანოთ სასამართლოში, რომ ჩვენ მინიმუმ ერთი საათით ადრე არ შეგვატყობინოთ. ერთი საათიც კი არ არის საკმარისი, რომ შენ რაღაც მოასწრო. თუმცა, ეს მინიმალური [დრო] მაინც დაგვიტოვეთ-მეთქი. გუშინაც, დღესაც ანალოგიური მოთხოვნა გვქონდა. ყოველ საათში ვურეკავდით იმ სამმართველოს, რომელმაც დააკავა ლაშა. იმისთვის, რომ ისე არ გამოეყვანათ იზოლატორიდან, რომ ჩვენამდე ინფორმაცია არ მოსულიყო. ის, რომ ახლა პროცესი დროებით შეჩერდა, არის ისევ ლაშას მოთხოვნა”, – განაცხადა მიგინეიშვილმა.
ლაშა ჯიოშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადბეის დღის აქციის შემდეგ, სახლისკენ მიმავალი დააკავეს.
თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას 10-მდე შავებში ჩაცმული ნიღბიანი ადამიანი აკავებს, ძალით სვამს მანქანაში და მიჰყავს.
“რაღაცას მიდებენ ჯიბეში”,- ამბობს ლაშა ჯიოშვილი დაკავებისას მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოში.
ჯაოშვილი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, “ხალხმა, ხმაურმა, მედიამ, სწრაფმა რეაგირებამ გადაგვარჩინა, რომ ის არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი”.
თუმცა, მისივე ინფორმაციით, ჯაოშვილს:
· უფლებები არ გააცნეს.
· სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა, რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ.
· არ დაარეკინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან.
· მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა.
· სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში, რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა.
· დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ არ აწვდიდა ინფორმაციას ჯაოშვილის ადგილმდებარეობაზე მაშინ, როცა დაკავების შემდეგ პირდაპირ მუხიანის სამმართველოში მიიყვანეს.