Toyota-მ მფრინავი ტაქსის კომპანიაში $500-მილიონიან ინვესტიციას ჩადებს

Toyota-ს ინფორმაციით, კომპანია საჰაერო ელექტრო ტაქსის სტარტაპ Joby Aviation-ში დამატებით $500-მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს, რაც კომპანიის სერტიფიცირებას და კომერციულ წარმოებას დაეხმარება.
იაპონური ავტომწარმოებლის ეს შეთავაზება მანამდე განხორციელებულ $394-მილიონიან ინვესტიციას ემატება და ორ კომპანიას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილია. ინვესტიციას Toyota ნაღდი ფულის სახით გაიღებს, რომლის ნაწილიც Joby Aviation-ს 2024 წლის ბოლოს, ნაწილი კი მომავალ წელს ჩაერიცხება.
თავად Joby აცხადებს, რომ სერტიფიცირებისა და კომერციალიზაციისკენ პროგრესს აღწევს და კალიფორნიაში საწარმოს გაფართოებაც შეძლო. მიუხედავად წარმატებისა, მარეგულირებლების დარწმუნება მარტივი არ არის.
Toyota უკვე არის Joby Aviaton-ის უმსხვილესი მეწილე. როგორც Joby-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, ორი კომპანია მზად არის, მომდევნო თაობის სატრანსპორტო საშუალება განავითაროს და პლანეტის მოსახლეობის სატრანსპორტო საჭიროებები საჰაერო სივრცეში აიყვანოს.
იაპონური კომპანია ერთადერთი არ აღმოჩნდა, რომელიც მფრინავი ტრანსპორტის სექტორით დაინტერესდა. Stellantis-ი ასევე გეგმავს, რომ კომპანია Archer Aviation-ში დამატებით $55-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს.
თავის მხრივ, სატრანსპორტო სერვისების განვითარებას ავიაკომპანიებიც ცდილობენ – მიზანი ისეთი მფრინავის შექმნაა, რომელიც ელექტრო იქნება და მგზავრებს მოკლე დისტანციაზე მოემსახურება.