Toyota-მ აშშ-ში 50 ათასი მანქანის მფლობელი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა – მანქანის რომელი მოდელებია რისკის შემცველი

Toyota Motor-მა ორშაბათს გამოაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეაკეთოს 50 000 ძველი ამერიკული მანქანა, შესაძლო აფეთქებებისა და მძღოლებისთვის საფრთხის გამო და ძველი ავტომობილის მფლობელებს მოუწოდა დაუყოვნებლივ მიაკითხონ სერვისცენტრებს შესამოწმებლად, რადგან Takata-ს მიერ დამზადებული აირბალიშები შეიძლება აფეთქდეს და ადამიანის დაზიანება გამოიწვიოს. ასეთი მანქანების მოდელებია: 2003-2004წლის მოდელები Corolla და Corolla Matrix; და 2004-2005 წლის RAV4.
Toyota-ს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების სიძველიდან გამომდინარე, თუ აირბალიშები გააქტიურდა, შიგნით არსებული ნაწილი აფეთქდება და გაისვრის ლითონის ფრაგმენტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძღოლის ან მგზავრების სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.
კომპანია მოუწოდებს აღნიშნული მოდელის ავტომობილების მფლობელებს არ მართონ მანქანები, მანამ სანამ არ შეკეთდება ან შეიცვლება აირბალიშები. ამისთვის კი დაუკავშირდნენ ადგილობრივ დილერებს.
Toyota შეაკეთებს ან შეცვლის აირბალიშებს უფასოდ.
2009 წლიდან მოყოლებული, 30-ზე მეტი უბედური შემთხვევა უკავშირდება Takata-ს მიერ წარმოებულ აირბალიშებს. აღნიშნული კომპანიის მიერ დამზადებული აირბალიშები გამოყენებულია 20-ზე მეტი ავტომობილის მწარმოებელი კომპანიის 100 მილიონზე მეტ პროდუქტში.
არაერთი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დავების შემდეგ, კომპანია გაკოტრების გზას დაადგა და მისი აქტივები 2018 წელს გაიყიდა ჩინეთის მფლობელობაში მყოფ Key Safety Systems-ზე დაახლოებით 1,6 მილიარდ დოლარად.