TOP-10 ყველაზე ძვირად ღირებული ევროპული კომპანია – 2025

საბაზრო ღირებულებით, რეიტინგის მოწინავე პოზიციებს ამერიკული კომპანიები იკავებენ. მეტიც, 2025 წლის 25 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიიდან 8 ამერიკულია, მათგან 7-ის კაპიტალიზაცია კი ერთ ტრილიონ დოლარს აღემატება.
შედარებისთვის, გლობალურ რეიტინგში პირველი ევროპული კომპანია Novo Nordisk-ია, რომელიც 27-ე ადგილზეა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $340 მილიარდს არ აღწევს.
საბაზრო კაპიტალიზაცია კომპანიის შემოსავლისა და მოგების ინდიკატორი არ არის, თუმცა ის კარგად აჩვენებს, რამდენად სჯერათ ინვესტორს ამა თუ იმ კომპანიის წარმატების.
აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები რეიტინგში ტექნოლოგიური კომპანიებით ლიდერობს. ისეთ სფეროებში კი, როგორიც, მაგალითად, ფარმაცია ან ტანსაცმლის წარმოებაა, ევროპული ფირმები ლიდერობენ.
10 ყველაზე ძვირად ღირებული ევროპული კომპანია / $მლრდ (მარტი, 2025)
· Novo Nordisk – $336.3
· LVMH – $325.6
· SAP – $321.6
· ASML – $286.1
· Hermes – $283.9
· L’Oreal – $203.5
· Prosus – $202/6
· Accenture – $192.4
· Siemens – $189.4
· Deutsche Telekom – $177.3
რა თქმა უნდა, რეიტინგი ყოველდღიურად და, ხშირად, მოულოდნელადაც იცვლება. 24 მარტს გერმანული SAP-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $340 მილიარდს მიაღწია, მცირედით გადაასწრო Novo Nordisk-ს და ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა. SAP კონტინენტის უმსხვილესი ტექკომპანიაა, რომელიც ბიზნესებს პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებს სთავაზობს. ბოლო წლებში SAP-ის აქციების გაძვირება კომპანიის მიერ ხელოვნურ ინტელექტში გაზრდილმა ინვესტიციამ განაპირობა. 1 წელიწადში SAP-ის აქციები 41.2%-ით გაიზარდა.
მეორე მხრივ კი, Novo Nordisk-ი, რომელმაც 2023 წელს ყველაზე ძვირად ღირებული ევროპული კომპანიის ტიტული ფუფუნების სეგმენტის გამორჩეულ კომპანია LVMH-ს ჩამოართვა, ბოლო თვეებში ვარდნას განიცდის. 1 წლის განმავლობაში დანიური ფარმაცევტული კომპანიის კაპიტალიზაცია 45.32%-ით შემცირდა, თუმცა ის კვლავ ინარჩუნებს ევროპული რეიტინგის მოწინავე პოზიციებს.