2025 წლის I კვარტალში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში $70,2 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.
საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკის სექტორებს შორის ენერგეტიკა მოწინავეა, სადაც წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი FDI განხორციელდა, თუმცა 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია – შარშან ამ დროს FDI $78,7 მილიონს შეადგენდა.
BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ TOP-10 ენერგეტიკის საწარმოს შესახებ ინფორმაცია, სადაც I კვარტალში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.
TOP-10 ინვესტორი ენერგეტიკაში:
სს თელასი;
შპს საქართველო-ურბან ენერჯი;
შპს თბილისი ენერჯი;
სს ენერგო – პრო ჯორჯია;
სს საქორგგაზი;
სს ხრამჰესი II;
სს დარიალი ენერჯი;
შპს აჭარისწყალი ჯორჯია;
სს ეპ ჯორჯია მიწოდება;
შპს გეო ინფრასტრუქტურა ჰოლდინგი.
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
TOP-ინვესტორების სტატისტიკიდანაც ჩანს და განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძეც აღნიშნავს, რომ სექტორში ინვესტიციები, ძირითადად, გამანაწილებელი კომპანიების მხრიდან იდება და გენერაციის მხარე ამ ზრდაში წამყვანი არ არის.
„ჩვენ რასაც ვუყურებთ, მასიურად ინვესტიციების განხორციელება მიმდინარეობს ქსელში, ქსელური კომპანიები ახორციელებენ ამას, გამანაწილებელი კომპანიები. ეს შეიძლება იყოს როგორც “თელმიკო”, ასევე “ეპ ჯორჯია” მიწოდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვხედავთ ინვესტიციების მოზიდვის ჭრილში გენერაციის მხარეს, ელექტროენერგიის წარმოების მხარეს.
ჩვენ შარშან არ გვქონდა სამწუხაროდ, სახარბიელო მონაცემი, იმიტომ რომ საკმაოდ დაბალი რაოდენობის დადგმული სიმძლავრე შევიდა ქსელში. წელს ბუნებრივი იმედს არ ვკარგავთ და გვაქვს სურვილი იმის, რომ მეტი იყოს, მაგრამ გვჭირდება მეტი ფაქტი იმის, რომ ვიამაყოთ ინვესტიციებით“,-აცხადებს მაია მელიქიძე BMG-სთან.
Socar, მინა, ხედი… – TOP-10 კომპანია, რომლებშიც I კვარტალში FDI ჩაიდო
