TikTok-მა თავის ქსელში ოსამა ბინ ლადენის ანტისემიტური და ანტიამერიკული წერილის ტექსტის შემცველი შინაარსი აკრძალა. ბოლო დროს სოციალურ ქსელში ბინ ლადენის ტექსტის – “წერილი ამერიკას” შემცველი მასალა ვრცელდებოდა და ალ-კაიდას დამფუძნებლის წერილს მომხმარებლები ისრაელი-ჰამასის ომის კონტექსტში განიხილავდნენ.
ოსამა ბინ ლადენმა “წერილი ამერიკას” 2002 წელს დაწერა, მას შემდეგ, რაც ალ-კაიდამ 11 სექტემბერს თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოაწყო, სადაც დაახლოებით 3000 ადამიანი დაიღუპა. წერილში ბინ ლადენი აკრიტიკებს აშშ-ს მხარდაჭერას ისრაელისადმი და ამტკიცებს, რომ ამერიკელი მოსახლეობა პალესტინელი ხალხის შევიწროების დამფინანსებელია და ამის გამო ტერორიზმი გამართლებულია. წერილი ბევრ ანტისემიტურ კომენტარს და პასაჟს შეიცავს, რომელსაც TikTok-ის მომხმარებლები სოციალურ ქსელში განიხილავენ.
“მასალა, რომელიც ხელს უწყობს ამ შინაარსის გავრცელებას ეწინააღმდეგება ჩვენს წესებს, რომ აკრძალულია ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით წახალისება” – ნათქვამია TikTok-ის განცხადებაში.
ოსამა ბინ ლადენი 2011 წელს პაკისტანში ამერიკის სპეციალური ოპერაციების ჯგუფმა მოკლა.