TikTok-ვიდეოები ჯანმრთელობისთვის საშიშ კვებით ქცევებს ახალისებს – ახალი კვლევა

ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ არასწორი კვებითი ქცევები შესაძლოა სოცქსელების აქტიური მოხმარების შედეგი იყოს. ამასთან, სპეციალისტების დასკვნით, საკმარისია დღეში ჯამში 10 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ვიდეოების ნახვა, რომ ადამიანის კვებით ქცევებში დარღვევები დაიწყოს. კვლევის შემაშფოთებელი შედეგების შესახებ New York Post წერს.
ამასთან, ვიდეორგოლის თემატიკას მნიშვნელობა არ აქვს. უფრო ზუსტად, საკუთარი სხეულის აღქმაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია ნეიტრალურ ვიდეოსაც კი მაგალითად ბუნების, ცხოველების შესახებ ან იუმორისტული შინაარსის მქონეს.
კვლევის პროცესში მეცნიერებმა ქალების ორი ჯგუფი გამოყვეს. ერთ ჯგუფს 7-8 წუთის განმავლობაში აყურებინებდნენ TikTok-ვიდეოებს კვების, ასევე „სწორი“ და „არასწორი“ პროდუქტების შესახებ, წონაში კლების რჩევებით, სხვადასხვა „ლაიფჰაკით“ მადის დაქვეითების მიზნით და ა.შ. მეორე ჯგუფი კი ნეიტრალური შინაარსის ვიდეოებს უყურებდა.
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ორივე ჯგუფში შემავალმა ადამიანებმა განაცხადეს საკუთარი სხეულით უკმაყოფილების შესახებ. თუმცა იმ ჯგუფში, რომელიც წონის კლებასთან დაკავშირებულ ვიდეორგოლებს უყურებდა, ნეგატიური გამოხმაურება გაცილებით მეტი იყო. მათი თქმით, ისინი გრძნობდნენ, რომ ვალდებულნი არიან, წონაში დაიკლონ.
ამასთან, კვლევის პროცესში მისმა ავტორებმა აღმოაჩინეს ისიც, რომ ქალები, რომლებიც TikTok-ს დღეში ორ საათზე დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ, აღნიშნავენ საკუთარი კვებითი ქცევების სერიოზული დარღვევების შესახებ. თუმცა სპეციალისტები ამბობენ იმასაც, რომ ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი ამ ორ მოვლენას შორის კავშირზე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში TikTok-მა კონტენტის პუბლიკაციის წესები განაახლა. სიახლის მიხედვით, შეუძლებელია კონტენტის გამოქვეყნება ან მოძებნა ჰეშთეგით „ანორექსია“, ასევე წაიშლება კონტენტის ის ნაწილი, რომელიც ახალისებს მოუწესრიგებელ კვებას და წონის კლების მიზნით საეჭვო კვებით ქცევებს. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ეს არასაკმარისია, რადგან ამ შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა კვლავ შესაძლებელია.