მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok-მა X-ზე განაცხადა, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტის შემდეგ, აშშ-ში მომსახურების მიწოდებას გააგრძელებენ.
“მომსახურების პროვაიდერებთან შეთანხმებით, TikTok წვდომის აღდგენის პროცესშია. მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ტრამპს საჭირო სიცხადით უზრუნველყოფისთვისა და ჩვენი მომსახურების პროვაიდერებისთვის მიცემული გარანტიისთვის, რომ ისინი 170-ზე მეტი მილიონი ამერიკელისთვის TikTok-ზე წვდომისა და 7 მილიონზე მეტი მცირე ბიზნესისთვის აყვავების საშუალების მიცემისთვის ჯარიმებს არ მიიღებენ”. – წერია TikTok-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, 3 საათით ადრე ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ინაუგურაციის შემდეგ, იგი აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს, რათა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვაზე კანონის აღსრულება დროებით გადაიდოს.
ტრამპმა დაამატა, რომ მისი ბრძანებით, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ნებისმიერი კომპანია, რომელიც ინაუგურაციამდე TikTok-ს გათიშვის თავიდან არიდებაში დაეხმარება.
ამასთანავე, ტრამპის თქმით, მას სურს, რომ “TikTok-ის გადასარჩენად” აშშ პლატფორმის 50%-იან წილს დაეუფლოს და “ძველ ან ახალ მფლობელებთან ერთობლივი საქმიანობა შედგეს”.
TikTok-ის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ტრამპის ნაბიჯი “პირველი შესწორებისა და თვითნებური ცენზურის წინააღმდეგ მტკიცედ დგომას” გამოხატავს. “ჩვენ ვიმუშავებთ პრეზიდენტ ტრამპთან პრობლემის გრძელვადიან მოგვარებაზე, რომლითაც TikTok აშშ-ში დარჩება”. – წერია განცხადებაში.
წყარო: ტაბულა