კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ წლებია, თანამდებობის პირები კორუფციის დაფარვაში არიან ჩართულები, ახლა კი „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით პოლიტიკური კონკურენტის მოცილების პროცესს ასაღებენ, როგორც კორუფციასთან ბრძოლას.
ორგანიზაცია წერს, რომ მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში აღრიცხა „ელიტური კორუფციის“ 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს.
„ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციაზე ალაპარაკდნენ და თითქმის ყოველდღიურად აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას ყოფილი პრემიერ მინისტრის, სუს-ის ყოფილი უფროსის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მათთან დაკავშირებული პირების მიერ მილიონობით დოლარის ღირებულების ქონების გადამალვის, უკანონოდ გამდიდრების, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და სხვა მსგავსი ფაქტების შესახებ“, – განაცხადეს დღეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
ასევე თქვეს, რომ წლების განმავლობაში როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საგამოძიებო მედია ელიტური კორუფციის პრობლემაზე განგაშის ზარს სცემდა, „ქართული ოცნება“ ამას სიცრუეს უწოდებდა და ამბობდა, რომ ქვეყანაში კორუფცია დამარცხებული იყო.
„ახლა კი ისინი თავად ადასტურებენ, რომ მრავალი წელი ქვეყანა კლეპტოკრატიული პრინციპით იმართებოდა და მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ მასშტაბურ კორუფციულ სქემებში – ქართულ ჯარს, მოსწავლეებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მილიონობით საბიუჯეტო სახსრებს ჰპარავდნენ“, – თქვა დღეს ეკა გიგაურმა.
„ფაქტია, რომ ელიტური კორუფციის გამომწვევი მიზეზები არ შეცვლილა – სახელმწიფო დღესაც მიტაცებულია“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
TI-ის განცხადების თანახმად, კორუფციის დაფარვაში წლებია ჩართულები არიან საგამოძიებო უწყებები, პროკურორები, მოსამართლეები, სუსისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები. ახლა კი „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით პოლიტიკური კონკურენტის მოცილების პროცესს ასაღებენ, როგორც კორუფციასთან ბრძოლას.
„ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა“
ორგანიზაციის თანახმად, სინამდვილეში ელიტური კორუფცია – რის არსებობასაც „ქართული ოცნება“ უარყოფს – გაცილებით უფრო მასშტაბური იყო და ასეთად რჩება.
მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასახელებს, რომ მხოლოდ ბოლო 5 წელში აღრიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც:
· 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის:
· 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე,
· 40 დეპუტატი,
· 17 მოსამართლე
· 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი.
ორგანიზაცია გამოყოფს სხვადასხვა სქემით ოპერირების რამდენიმე შემთხვევას:
1. საბიუჯეტო სახსრების მითვისება სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით
TI-ის გამოძიებებით, „ქართულ ოცნების“ ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზებით ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ მცირე 5 მილიარდი ლარი იშოვეს.
აქედან, TI-ის თანახმადვე, 3.3 მილიარდი ლარი რეგიონებზე მოდის, თანხის მესამედი კი – 1 მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი 2024 წელს დაიხარჯა, – მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა.
ორგანიზაცია შემდეგ მაგალითებს ჩამოთვლის:
· „650 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ოთარ თათეშვილის კომპანიამ მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან, მას შემდეგ რაც მან ივანიშვილს აბასთუმანში სახლის ასაშენებლად მიწა მიჰყიდა.
· 390 მლნ ლარის ტენდერები მიიღო ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავის კომპანია „სერპანტინმა“ 2013-2025 წლებში.
· 392 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2025 წლებში.
· 30 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2024 წლებში.
· 25 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან ბოლო 7 წელიწადში.
· 32 მლნ ლარი სენაკის მერის ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანიებმა მიიღეს სენაკის მერიის სახელმწიფო შესყიდვებიდან 2021 წელს მერად მისი პირველად არჩევის შემდეგ.
· 25 მლნ ლარი მიიღეს ახალციხის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა, ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მუნიციპალური შესყიდვებიდან 4 წლის განმავლობაში.
· ამ ტიპის კორუფცია მოდებულია საჯარო სამსახურის დაბალ დონეებზეც, მაგალითად: 2.2 მილიონი ლარი მიიღეს ადიგენის თვითმმართველობის 10-მდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ამავე მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 2017-2025 წლებში“, – წერს TI.




