„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ აქვეყნებს კვლევას, რა ბიზნესს და ქონებას ფლობენ „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი წევრები და პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენები ევროპაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოიძია ინფორმაცია 18 პირის შესახებ, ვინც ფლობს კომპანიებს ან უძრავ ქონებას ევროპულ ქვეყნებში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ თანახმად:
· ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საერთაშორისო ბიზნესიმპერია, — საუბარია 20-მდე უცხოურ კომპანიაზე, რომელთა გავლით ოჯახი 125-მდე ქართული კომპანიას და დიდძალ უძრავ ქონებას ფლობს, — რეგისტრირებულია ევროპულ იურისდიქციებში: დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში და საფრანგეთში.
თავად ბიძინა ივანიშვილი დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა. ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე 2 უძრავ ქონებას ფლობენ პარიზში:
1 935 კვ.მ ფართობის მიწა და მასზე არსებული 300 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი პარიზში, მისამართზე: 1 Allée des Robichons, La Celle-Saint-Cloud, 78170. უძრავი ქონების მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა.
110 925 კვ.მ ძირითადად ტყით დაფარული მიწა პარიზში, მისამართზე: 29 Rue de la Princesse, Louveciennes. უძრავი ქონების უშუალო მფლობელია საფრანგეთში რეგისტრირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანია სახელწოდებით SCI Du 29 Rue De La Princesse, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ერთად ფლობენ.
· კახა კალაძე პარიზში ფლობს 7-ოთახიან ბინას, რომელიც მან 2022 წლის დასაწყისში შეისყიდა 3.5 მილიონ ევროდ. ბინას ოფიციალურად ფლობს კომპანია სახელმწოდებით Kala Capital, რომელიც კახა კალაძემ და მისმა მეუღლემ 2022 წლის დასაწყისში დაარეგისტრირეს, ხოლო ახლა სრულად ეკუთვნის მის მეუღლეს. კომპანია იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბინა – 49 Boulevard Lannes.
· ანტონ ობოლაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი და მისი მეუღლე ფლობენ 130 კვ.მ ფართობის ბინას პარიზში, 33 Rue de Lubeck, რომელიც მათ 2014 წელს შეიძეს 1 165 030 ევროდ. 2019 წელს მათ ავტოფარეხიც იყიდეს 58 000 ევროდ;
· კახი ბექაურმა (კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე) და მისმა ცოლმა, ეკა ბერიძემ 2024 წლის 28 ივნისს დააფუძნეს კომპანია Nap Real Estate პარიზში, 47 Avenue Hoche, 75008. კომპანიის ოფიციალური საქმიანობა უძრავი ქონების მართვაა. 2024 წლის დეკლარციის თახმად, ბექაურმა და მისმა მეუღლემ მთლიანობაში 1 764 991 ევრო შეიტანეს კოპანიის საწესდებო კაპიტალში და სავარაუდოა, რომ ეს თანხა საფრანგეთში უძრავი ქონების შესაძენად იყოს გამიზნული;
· ვახტანგ ჯაოშვილის (ინდოეთში საქართველოს ელჩი) მეუღლე და შვილი საფრანგეთის მოქალაქეები არიან, მისი მეუღლე საფრანგეთში 3 უძრავ ქონებას ფლობს: 29 კვ.მ ფართობის ბინა, ქ. ფონტენბლო, 21 bd de Magenta, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს 147 926 ევროდ შეიძინა; 90 კვ.მ ფართობის ბინა, ქ. ავონი, 3 rue des Courtils, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2006 წელს 280 800 ევროდ შეიძინა; 140 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, ქ. ფონტენბლო, 39 rue des Provenceaux, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2018 წელს 370 000 ევროდ შეიძინა;
· ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე თამარ წულეისკირი ბერლინში ფლობენ 2 უძრავ ქონებას: 770 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 550 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2014 წელს 1 690 000 ევროდ შეიძინეს და 110 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს 945 000 ევროდ შეიძინეს.
· გიორგი ქაჯაიას, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, გერმანელ მეუღლეს ეკუთვნის 100 კვ.მ ფართობის ბინა ბერლინში, ზონნტაგშტრასე 15, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2008 წელს 200 000 ევროდ შეიძინა;
· ირაკლი რუხაძე მის ქართულ ბიზნეს აქტივებს ნიდერლანდებში რეგისტრირებული რამდენიმე კომპანიის გავლით ფლობს, ეს კომპანიებია: ტელეიმედი → Media Finance Group B.V, ლიბერთი ბანკი → Georgian Financial Group B.V., ქართული ცემენტი (ყოფილი ჰაიდელბერგ ცემენტი) → Caucasuscement Holding B.V. და Cement Invest B.V. და რუსთავის ფოლადი → Tolanius Beheer B.V.
· ნიკოლოზ ლალიაშვილი ფლობს 50%-იან წილს კომპანიაში Spacefoods Holding B.V. (Nassaukade 304A 2, 1053LN), რომელიც ნიდერლანდებში არის რეგისტრირებული. მისი მეუღლე, რომელიც სლოვაკეთის მოქალაქეა, ფლობს ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიას სახელწოდებით “სს ზეტორ ბრნო“;
· ალექსი ახვლედიანს ჩეხეთში ორი უძრავი ქონება აქვს: 320 კვ.მ ბინა ჩეხეთში, პრაღა, კოვჩინუს 139, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2013 წელს 860 000 ევროდ შეიძინა და 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, პრაღა, ლობანოვას 41/43, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2012 წელს 485 000 ევროდ შეიძინა. ალექსი ახვლედიანი ფლობს 100%-იან წილებს ჩეხეთში რეგისტრირებულ ორ კომპანიაში: GSG Wine Company და Akhmusi; ასევე, 100%-იან წილს სლოვენიაში რეგისტრირებულ კომპანიაში Navtilus Doo;
· ნინო წილოსანი ფლობს 25%-იან წილს ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიაში S.R.O Almitrans (U Zvonařky 2536/1d);
· ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო დავალებათა ელჩია, ბრატისლავაში ფლობს 106 კვ.მ ფართობის ბინას, რომელიც დეკლარაციის თანახმად, 2008 წელს 278 000 ევროდ შეიძინა. მისი მეუღლე სლოვაკეთის მოქალაქეა;
· რომეო მიქაუტაძე მადრიდში ფლობს 120 კვ.მ ფართობის ბინას, რომელიც 2024 წელს 660 000 ევროდ შეიძინა;
· ნათელა მენაბდე, დანიაში საქართველოს ელჩი ფლობს 154 კვ.მ ფართობის ბინას დანიაში, ჰელერუპი, გენტოფტე, ბრიგერტორვეტი 2, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2005 წელს 4 260 000 დანიურ კრონად (დღევანდელი კურსით 670,000 აშშ დოლარი) შეიძინა;
· გიორგი შარვაშიძე, ბუდაპეშტში ფლობს 87 კვ.მ ფართობის ბინას, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2006 წელს 100 000 ევროდ შეიძინა;
· გაიოზ ქაჯაიას, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, 60 კვ.მ ფართობის ბინა აქვს სალონიკში, საბერძნეთში;
· მაგდანა ყურაშვილი, ცაგერის საკრებულოს წევრი კვიპროსშუ ფლობს 130 კვ.მ ფართობის ბინას, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2007 წელს 100 000 ევროდ შეიძინა.
„მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ავტორიტარული პოლიტიკის გამო საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის ზღვარზეა, თავად პარტიის მოქმედი თუ ყოფილი წევრები და თანამდებობის პირები სწორედ ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას, აფუძნებენ კომპანიებს და იღებენ ევროკავშირის მოქალაქეობას საკუთარი შვილებისთვის“, — წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.
ორგანიზაცია შენიშნავს, რომ ჩამოთვლილი ინფორმაცია მხოლოდ მცირე, საჯარო წყაროებით მიკვლევადი ნაწილია იმ ქონებისა და კომპანიებისა, რასაც პარტიის წევრები სინამდვილეში ფლობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
