„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, დემოკრატიის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საგანგაშოდ არის გაუარესებული.
TI-საქართველომ 2020-2024 წლებში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მიმოიხილავს უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში არსებულ მდგომარეობას – ანტიკორუფციული გარემოს, სასამართლო სისტემის, საპარლამენტო ზედამხედველობისა და მედიაგარემოს მიმართულებებით.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად ანტიკორუფციული ბიუროს შექმნისა, ის ვერ გამოდგა ეფექტური კორუფციის წინააღმდეგ, რადგან ასევე მოექცა მიტაცებული ინსტიტუციების რიგებში. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გარდა, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
სასამართლო სისტემის ნაწილში ანგარიში მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა სასამართლოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე; გაგრძელდა ე.წ. „კლანის“ მმართველობის კონსოლიდაცია კანონმდებლობის შემდგომი გაუარესებითა და სასამართლო სისტემაში ახალი, კლანთან დაახლოებული კადრების შერჩევა-დაწინაურებით;
„კლანურმა სასამართლო სისტემამ მორჩილად შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა დევნის საქმეში; ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი კლანური სასამართლო სისტემა ასევე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკოსებისა და კრიტიკული მედიის დევნაში“, — ნათქვამია ანგარიშში.
საპარლამენტო კონტროლი, TI-საქართველოს შეფასებით, ხშირ შემთხვევაში, არ ეხებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის კორუფციას, უმრავლესობის მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენება ძირითადად ვიწრო პარტიული მიზნებით ხდებოდა. კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა მის საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. პარლამენტმა არ შეასრულა ევროკომისიის მოთხოვნა, ამ სექტორზე კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებით. უმრავლესობა ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდა ოპოზიციას, რათა მას ვერ განეხორციელებინა მთავრობაზე ზედამხედველობა.
ანგარიში ნათქვამია, რომ ბოლო 4 წელში, მედიაგარემოს გაუარესების კვალდაკვალ, გამოვლინდა ისეთი საგანგაშო შემთხვევები, როგორებიცაა ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმები და ძალადობა, რასაც „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაც მოჰყვა. ასევე, სამართლებრივი საქმეების აღძვრა კრიტიკული მაუწყებლების მფლობელებისა და დამფუძნებლების მიმართ და მათი დაკავება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ საგანგაშოდ მიიჩნევს მართლმსაჯულების სისტემის, კომუნიკაციის კომისიისა და ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული სხვა სტრუქტურების კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენებას.
დასკვნის სახით, ანგარიშში ნათქვამია, რომ „გაგრძელდა და გაღრმავდა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი, მაღალი დონის კორუფციის დაუსჯელობამ მიაღწია კლეპტოკრატიის ნიშნულს, სასამართლო სისტემაში კიდევ უფრო გამყარდა კლანური მმართველობა, საპარლამენტო ზედამხედველობა დარჩა ფორმალობად, კრიტიკული მედიისთვის ჩამოყალიბდა მტრული გარემო, ხოლო ჟურნალისტური საქმიანობა გახდა საფრთხის შემცველი“.