„ქართული ოცნება” ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილს არგებს – ამ განცხადებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს და ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას ეხმაურება.
არასამთავრობო ორგანიზაცია წერს იმ საფრთხეებზე, რაც ამ ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს: “ეს ცვლილებები გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკს”.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2021 წლის კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა. არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ ცვლილებები აჩენს ეჭვს, რომ მისი მიზანი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიების აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობაა.
სწორედ ოფშორული კომპანიების გაუმჭვირვალობის გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია წლებია ითხოვდა, შექმნილიყო ოფშორული კომპანიების ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრი, რაც ამ კომპანიების ანონიმურად მფლობელობიდან გამომდინარე რისკებს შეამცირებდა. თუმცა, TI-ის თქმით, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით არ იმუშავა და ოფშორული კომპანიებიდან მომავალი რისკებით მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, როდესაც „რუსული კანონის“ მიღების გამო ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირების დასავლეთის ქვეყნებიდან სანქცირების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება: ა) აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან; ბ) აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან; გ) საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოში ინვესტიციები ხშირად ოფშორში რეგისტრირებული საწარმოების მიერ ხორციელდება, რომლებიც საქართველოში შვილობილი საწარმოების მეშვეობით საქმიანობენ, რაც გადასახადისგან თავის არიდების რისკს მოიცავს, „ოფშორული კომპანიის“ მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანა კი აღნიშნულ რისკს შეამცირებს. ასევე, აღნიშნულია, რომ ეს უზრუნველყოფს საქმიანობის გამჭვირვალობას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების „რუსული კანონის“ პარალელურად ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა, აჩენს ეჭვს, რომ მისი მიზანი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიების აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობაა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რუსი ბიზნესმენები და ოლიგარქები ხშირად იყენებენ ოფშორული კომპანიების პრაქტიკას და არსებული საკანონმდებლო ცვლილებით, მათაც მიეცემათ საშუალება თავისი აქტივები საქართველოში საგადასახადო შეღავათებით გადმოიტანონ. ასევე, რადგანაც საგადასახადო შეღავათი ვრცელდება ოფშორული კომპანიის კუთვნილი საქონლის იმპორტზე, ეს ასევე შეეხება ისეთ საქონელს, რომელიც შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან – მაგალითად, მაღალი ღირებულებისა და ფუფუნების საგნებს, როგორიც ხელოვნების ნიმუშებია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2021 წლის კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა. სწორედ ოფშორული კომპანიების გაუმჭვირვალობის გამო, ჩვენი ორგანიზაცია წლებია ითხოვს, შეიქმნას ოფშორული კომპანიების ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრი, რაც ამ კომპანიების ანონიმურად მფლობელობიდან გამომდინარე რისკებს შეამცირებდა. ანონიმური მფლობელობა თავის მხრივ კორუფციის, მათ შორის, გადასახადებისგან თავის არიდების რისკს ზრდის. თუმცა, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით არ იმუშავა და ოფშორული კომპანიებიდან მომავალი რისკებით მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, როდესაც „რუსული კანონის“ მიღების გამო ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირების დასავლეთის ქვეყნებიდან სანქცირების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში არ არის არგუმენტები, თუ რატომ იყო აუცილებელი არსებული ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა. ტექნიკურად, ამ თემის ინიცირება მოხდა ერთ პაკეტში ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის ინიციატივასთან ერთად და დაჩქარებულად წესით განხილვის არგუმენტი სწორედ დავალიანების ჩამოწერის ნაწილზეა მოყვანილი და არა ოფშორული კომპანიების ნაწილზე. ეს ინიციატივა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე და მისთვის სასურველი კანონების დამტკიცება როგორ ხდება დაჩქარებული გზით, საკითხზე ფართო მსჯელობის გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად ოფშორული კომპანიები მიმზიდველია საეჭვო წარმომავლობის აქტივების მქონე პირებისთვის და თუკი საქართველო, ოფშორიდან აქტივების გადმოტანის ხელშემწყობ რეჟიმს აამოქმედებს, ამასთან ერთად გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი უნდა დააწესოს. საჯარო უნდა იყოს იმ პირების ვინაობა, ვინც ოფშორებიდან საქართველოში აქტივებს გადმოიტანს,” – წერია განცხადებაში.