„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში.
თუმცა, როგორც TI აცხადებს, მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა შეიცვალა.
საუბარია 2023 წლის 4 დეკემბრის განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც, „სომგოს კომპანიისათვის“ 2014 წელს გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში ცვლილება შევიდა.
„2014 წელს სახელმწიფომ „სომგოს კომპანიას“ სიღნაღში 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა, სასტუმროს აშენების, ვენახის გაშენებისა და ადგილობრივების დასაქმების პირობით. საინვესტიციო ვალდებულება თავდაპირველ დათქმულ 3 წლის ვადაში არ შესრულდა, რის შემდეგაც ვადა 2-ჯერ გახანგრძლივდა, 2016 და 2018 წლებში.
2023 წლის 4 დეკემბრის განკარგულებაც, სავარაუდოდ, პროექტის საინვესტიციო ვადის მორიგ ჯერზე გახანგრძლივებას ეხება. პრივატიზაციის ეს შემთხვევა წარსულში “ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტების დაკვირვების საგანიც გამხდარა“, – ნათქვამია TI-ის განცხადებაში.
TI-ს ინფორმაციით, 2007 წლის 9 აგვისტოს დაარსებული შპს „სომგოს კომპანიას“ მესაკუთრე სეიშელის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია „სონატა ალიანს ინკია“, რომლის 100%-ის მფლობელი და დირექტორი 2014 წლიდან ვანო ჩხარტიშვილის შვილი ნათია ჩხარტიშვილია. შპს „სომგოს კომპანიის“ დირექტორი ლევან სკამკოჩაიშვილია, რომელიც ამავდროულად ვანო ჩხარტიშვილის კომპანია „თბილისის თამბაქოს“ დირექტორის თანამდებობას იკავებს.
როგორც TI აცხადებს, შპს „სომგოს კომპანია“, რომლის ეკონომიკურ საქმიანობადაც „ჰოლდინგური კომპანიების საქმიანობები“ არის მითითებული, საქსტატის მონაცემებით არააქტიურია. მათივე ცნობით, „სონატა ალიანს ინკის“ წილები და დირექტორი წლების განმავლობაში ვანო ჩხარტიშვილის შვილებსა და რამდენიმე სხვა პირს შორის იცვლებოდა. საჯარო რეესტრში არსებული ბოლო მონაცემებით, კომპანია ნათია ჩხარტიშვილის მფლობელობაშია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, პრივატიზაციის საინვესტიციო პირობების შეცვლა ხშირი პრაქტიკაა და ეს თავისთავად არ არის პრობლემა.
ორგანიზაციის განცხადებით, კითხვები ჩნდება მაშინ, როდესაც მთავრობა პირობებს უცვლის მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირს და ამის შესახებ ინფორმაციას მალავს.
„იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციისადმი მოწყვლადი სფეროა, განსაკუთრებით როდესაც ქონება ოფშორულ კომპანიებს გადაეცემა, აუცილებელია გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტის დაცვა“, – ნათქვამია TI-ის განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მთავრობას განკარგულების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები“, – ნათქვამია TI-ის განცხადებაში.
იმის გასარკვევად თუ რა ცვლილება შევიდა 4 დეკემბრის განკარგულებით „სომგოს კომპანიისათვის“ გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში, ნეტგაზეთი მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენია, რომლის ბიზნეს ინტერესების დიდი ნაწილი დაფარულია ოფშორული კომპანიების გამოყენებით. ეს ფაქტი 2016 წელს გაჟონილმა Panama Paper-ის სახელით ცნობილმა დოკუმენტებმა დაადასტურა. ჩხარტიშვილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი (2001-2004 წწ) და შემდეგ მე-6 მოწვევის (2004-2008 წწ) პარლამენტის წევრი იყო.
2022 წლის 5 სექტემბერს, უკრაინაში კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ვანო ჩხარტიშვილზე სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის თანახმად, დასანქცირების მიზეზები, ერთი მხრივ, მისი ბიზნეს კავშირია რუსული ენერგეტიკის სექტორთან, ხოლო, მეორე მხრივ, მისი კავშირები ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც სააგენტოს თანახმად, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს ლობირებს.
„ზოგადად, ოფშორულ კომპანიებზე სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან ხშირად უცნობია საბოლოოდ ვინ დგას ამ კომპანიების უკან და ვინ და რა პირობებით იღებს სარგებელს ხალხის ქონებისგან. ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიასთან დაკავშირებული პრივატიზაციის ეს შემთხვევა კარგი ილუსტრაციაა, რომ ოფშორული კომპანიის მესაკუთრე შეიძლება მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი იყოს“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.