TI: დეკემბრიდან დღემდე, საჯარო უწყებებიდან პოლიტიკური ნიშნით 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების რეპრესიები 700-მდე საჯარო მოხელეს შეეხო.
მათივე განცხადებით, თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად ძირითადად, რეორგანიზაციას ან ხელშეკრულების ვადის ამოწურვას ასახელებდნენ, თუმცა ადამიანები ასევე გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მათ ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.
“ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის დათრგუნვის მცდელობებიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საჯარო სამსახურის სრულად პარტიის დაქვემდებარებაში მოქცევაა. ამ მიზნისთვის „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიის ხელშემწყობი კანონები მიიღო და პარალელურად, დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება, რომლებიც ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის გამო პროტესტს საჯაროდ გამოხატავდნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე ოთხჯერ შეიტანა რეპრესიული ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში. მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო მოხელეთა სამართლებრივი დაცვა და ფაქტობრივად გააუქმა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობა იყო.
რეპრესიები შეეხო ათობით საჯარო უწყებაში მომუშავე 700-მდე თანამშრომელს”, – წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, TI-ს განცხადებაში განმარტებულია, თუ რა საშიშროება მოსდევს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვის გარანტიების გაუქმებას.
“შუა რგოლის მენეჯერების გათავისუფლებისთვის არანაირი სამართლებრივი დასაბუთების არსებობა აღარ არის საჭირო და მათი სამსახურიდან გათავისუფლება სამიოდე დღით ადრე შეტყობინებით გახდა შესაძლებელი; მნიშვნელოვან თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი დაბრუნდა; რეორგანიზაციის წესი გამარტივდა და იმ შემთხვევაშიც თუ პირი უკანონოდ გაუშვეს რეორგანიზაციის გამო, განაცდურის მხოლოდ ერთი თვე აუნაზღაურდება; დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირები აღარ მიიჩნევიან უვადოდ დანიშნულ საჯარო მოხელეებად და გათავისუფლდებიან მინისტრის გათავისუფლების შემდეგ.
რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ხელოვნების და აკადემიური სივრცის კონტროლს.
რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება პროფესიული თეატრების შემოქმედებით გუნდებს ართმევს თეატრის დირექტორის შერჩევაში მონაწილეობის შესაძლებლობას და დირექტორებს საკუთარი შეხედულებით დანიშნავს და გაათავისუფლებს მინისტრი ან მერი. საჯარო მოხელეები სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეძლებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.