საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) განცხადებით, დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე ქართული ოცნება ურთიერთობას არადემოკრატიულ რეჟიმებთან აძლიერებს, მათ შორის, ჩინეთთან.
განცხადებაში აღნიშნულია მიმართულებები, სადაც ჩინური გავლენები იზრდება.
გამჭვირვალობის თანახმად:
· 2023 წელს გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რამაც ბევრი კითხვა გააჩინა;
· გაუქმდა სავიზო რეჟიმი, რამაც გაზარდა პირდაპირი ფრენებისა და ჩინელი ტურისტების რაოდენობა, ასევე საქართველოში ჩინეთის ბიზნეს აქტივობის ზრდა გამოიწვია;
· ჩინური კომპანიები, რომელთა ნაწილი აშშ-ის სანქციების ქვეშაა, მონაწილეობენ ანაკლიის პორტისა და სხვა სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში;
· პრობლემურ ჩინურ კომპანიასთან კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს და მის ერთ-ერთ ბიზნესპარტნიორსაც;
· სახელმწიფო უწყებების 70-80% აღჭურვილია ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიით – სისტემებით, რომლებსაც აშშ უსაფრთხოების რისკად მიიჩნევს;
· საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ჩინეთის საფინანსო სისტემასთან დაახლოებაზე.
“ჩინეთი ქართული ოცნებას პოლიტიკურ მხარდაჭერას სთავაზობს და მას “მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების” პოლიტიკის განმახორციელებლად წარმოაჩენს, ხოლო ქართველი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად ასახელებენ ჩინეთს, როგორც ძლიერ პარტნიორს და დასავლეთის ალტერნატივას. მაგალითად, 2024 წლის ოქტომბერში ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეაქო ჩინეთი, როგორც “სახელმწიფო მოდერნიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი” და აღნიშნა, რომ ჩინეთი პოზიტიურ მაგალითს აძლევს სხვა გლობალურ ძალებს.
პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობა უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შემდეგ დაჩქარდა. ორივე ქვეყანამ გააფართოვა პირდაპირი ფრენები, რამაც ჩინელი ტურისტების შესამჩნევი ზრდა და საქართველოში ჩინეთის ბიზნეს აქტივობის ზრდა გამოიწვია. საქართველო თანამშრომლობს ისეთ ჩინურ კომპანიებთან, რომლებსაც აშშ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიქვამს. ქვეყანა ასევე აქტიურად იყენებს ჩინურ სათვალთვალო ტექნოლოგიას. გარდა ამისა, ორივე ქვეყნის ცენტრალური ბანკები აქტიურად მუშაობენ კავშირების გაძლიერებაზე, განსაკუთრებით მონეტარული პოლიტიკის თანამშრომლობის კუთხით და შესაძლოა, ჩინეთის გადახდის სისტემები შემოვიდეს ქართულ ბაზარზე. სულ ცოტა ხნის წინ ქართულმა ოცნებამ ჩინური ენის სასკოლო სასწავლო გეგმაში დანერგვის შესახებ განაცხადა”, – წერია განცხადებაში.
განცხადება სრულად
