არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ მათი რეგიონული ოფისების მენეჯერზე, ცნობილ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტზე, ზვიად ქორიძეზე ბათუმის „შერატონში“ თავდასხმის გამო გოჩა სამხარაძის წინააღმდეგ სასამართლომ მხოლოდ 3000-ლარიანი ჯარიმა გამოიყენა.
განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა 24 ივნისს გამოაცხადა, ორგანიზაციამ კი ინფორმაცია გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გაავრცელა.
იმავე მოსამართლემ მედიაორგანიზაციების „ბათუმელებისა“ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს, პატიმრობაში დატოვა.
„ეს საქმე სიმბოლურია იმით, რომ ბათუმური ინციდენტი, რომელიც ზვიად ქორიძეს შეემთხვა, მჭიდროდ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის პროცესთან. მაშინ, როდესაც პოლიციელისთვის სახეში სილის გაწვნისთვის ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მინიმუმ 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ქორიძის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს შორის მხოლოდ ერთი დაისაჯა და ისიც შეუსაბამოდ ლმობიერი სასჯელით“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, ეს თავდასხმა ჯგუფური ხასიათის იყო და მასში ასევე მონაწილეობდნენ:
· გიორგი მანველიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე და იმჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;
· რამდენიმე სხვა პირი.
