ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ინფორმაციით, სახელმწიფო სააგენტო აწარმოე საქართველოში-ს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს.
როგორც TI-ს განცხადებაში წერია, ორგანიზაციამ მიმდინარე წელს სააგენტოდან ორჯერ გამოითხოვა ინფორმაცია 2021-2023 წლებში სააგენტოს მიერ დაფინანსებული კომპანიებისა და მათთვის გაცემული დაფინანსებების შესახებ, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ კომპანიების ჯამური რაოდენობებისა და ჯამური დაფინანსებების შესახებ მიიღო, რომელიც “ისედაც ხელმისაწვდომია სახელმწიფო ბიუჯეტის ღია წყაროებიდან”.
“კორუფციული რისკების მონიტორინგისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი საწარმოები დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გაგზავნილ პირველ წერილზე, სადაც დაფინანსებული საწარმოების ჩამონათვალს და გაცემულ თანხას ვითხოვდით, პასუხად კომპანიების ჯამური რაოდენობები და ჯამური თანხები მივიღეთ. ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია სახელმწიფო ბიუჯეტის ღია წყაროებიდან. მეორე წერილი, ანალოგიური მოთხოვნით, მიმდინარე წლის 23 აპრილს მივწერეთ, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგვიღია”. – წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით, ინფორმაცია სააგენტოს მიერ დაფინანსებული კომპანიების ვინაობასა და დაფინანსებების რაოდენობის შესახებ ხელმისაწვდომი 2021 წლამდე იყო, თუმცა ამის შემდეგ სააგენტომ ინფორმაციის გაცემა შეწყვიტა.
“სახელმწიფო ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2021-2023 წლებში მეწარმეობის განვითარების პროგრამიდან, რომელსაც სსიპ “აწარმოე საქართველოში” ახორციელებს, 625 მლნ ლარი დაიხარჯა. უცნობია ეს თანხა ვინ მიიღო. 2024 წელს მეწარმეობის განვითარებაზე 300 მლნ ლარია გამოყოფილი”. – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
