TI აცხადებს, რომ ორგანიზაცია არჩევნებს ვეღარ დააკვირდება, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გამო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI) განცხადებით გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას. მან ძალაში დატოვა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ორგანიზაცია და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ ცნო.
„გადაწყვეტილების შეჩერებაზე ჩვენი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ფონზე, სასამართლო აგრძელებს საქმის წარმოებას ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და განმარტავს, რომ შეჩერებაზე უარი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი პარტიასთან და მის წარმომადგენელთან გაათანაბრეს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ მონაწილეობენ და კენჭს არ იყრიან.
„[რაჟდენ კუპრაშვილის] ამ აბსურდული გადაწყვეტილების გამო, ჩვენზე ვრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები, რაც ასევე გვავალდებულებს სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას, გვეკრძალება ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება და ხარჯვა, ასევე გვეკისრება პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა“, – წერია განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არ აღიარებს და აბსოლუტურად უკანონოდ მიიჩნევს მინიჭებულ სტატუსს. ამიტომ ორგანიზაცია არ აპირებს ბიუროს მოთხოვნების შესრულებას.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არც ორგანიზაცია და არც ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ იყრის კენჭს. ასევე არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში ჩვენი არცერთი წარმომადგენელი არ ფიგურირებს. ამდენად, არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ჩვენს მიერ დაანონსებული კოალიციური დაკვირვებისა და სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ფორმალურად სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი არ გაუუქმებიათ, მოკლებული არიან შესაძლებლობას „უშუალოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სახელით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ. ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე ჩვენი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ გვეყოლება“.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მისი თანამშრომლები პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით დააკვირდებიან არჩევნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები უკანონოდ მიიჩნევენ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და “აირჩიე ევროპის” დირექტორები “განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებად” ცხადდებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ამგვარი პრაქტიკა შეიძლება იყოს სამოქალაქო მოძრაობების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი.
“სამართლიანი ს” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ბიურო გაუმართლებლად ფართოდ განმარტავს კანონს და აჩენს სახელმწიფო უწყების მხრიდან მანდატის თვითნებურად გამოყენების საფრთხეს.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გააცნო საზოგადოებას. ბრიფინგზე მან განმარტა, რომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცხადების საფუძველი გახდა მათი შეხვედრები მოქალაქეებთან და საინფორმაციო კამპანიები, რომლებზეც ისინი მოქალაქეებს ევროპული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ და, ანტიკორუფციული ბიუროს შეფასებით, ხელისუფლების საწინააღმდეგო და მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ