TI: ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათმა ნათესავებმა მერიიდან 24 811 129 ლარი მიიღეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობა შეისწავლა.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24 811 129 ლარის შესყიდვები მიიღეს.
ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციას, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციას და ორგანიზაციის დაკვირვებებს.
ანგარიშის მიხედვით:
· ახალციხის საკრებულო საანგარიშო პერიოდში აღმასრულებელ ორგანოზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა.
· საკრებულომ მკვეთრად გააუარესა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა.
· საკრებულოს თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის, ეთიკის ნორმების დარღვევის ან ინტერესთა კონფლიქტის ფაქტები არ გამოუვლენია. თუმცა, საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24,811,129 ლარის შესყიდვები მიიღეს;
· ახალციხის საკრებულოს 22 თანამდებობის პირიდან 17 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.
· საანგარიშო პერიოდში, საკრებულომ 50 სხდომა გამართა;
· საკრებულოს 39 დეპუტატიდან 6 ოპოზიციონერ დეპუტატს, ყოველწლიური ანგარიშები არ წარუდგენია.
· საკრებულოში მოქმედი სამი ფრაქციიდან ინიციატივა არცერთს არ წარუდგენია. ფრაქციების საქმიანობაზე, მხოლოდ 2 წელში, ბიუჯეტიდან 678,048 ლარი გაიწერა.
· ახალციხის საკრებულომ 2025 წლის 30 მაისს ისე გააუქმა გენდერული თანასწორობის საბჭო, რომ მას არ განუხორციელებია არც სამართლებრივი აქტების ანალიზი და არც ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტების პროექტებზე.
· საკრებულომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ წარდგენილი ორი პეტიციიდან ერთი შეასრულა, მეორე არ დაარეგისტრირა.
· 2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ჩათვლით საკრებულოს ხარჯმა 2,276,392 ლარი შეადგინა. ამ თანხის 89% ხელფასებში, დანამატებსა და ჯილდოებში გაიწერა.
· 2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ჩათვლით საკრებულომ 66 835 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 198 889 ლარი შეადგინა. გახარჯული საწვავიდან 20 ტონაზე მეტი საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ გახარჯა, – ნათქვამია ანგარიშში.