რუსეთის დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას მოითხოვა, რომ უკრაინამ უარი თქვას დონეცკის მთელი ოლქის კონტროლზე ომის დასრულების სანაცვლოდ. ამის შესახებ წერს გამოცემა The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით.
მათი ცნობით, კრემლი მზად იყო, უარი ეთქვა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების იმ ნაწილებზე, რომლებიც რუსეთს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს ოკუპირებული.
იმავდროულად, ჟურნალისტების წყაროების ინფორმაციით, 17 ოქტომბერს ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი შეხვედრაზე ზეწოლას ახდენდა უკრაინის დელეგაციაზე, რათა დონეცკის ოლქი გადაეცათ რუსეთის კონტროლში. არგუმენტად ის იყენებდა კრემლის ნარატივს, თითქოს რეგიონში ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი გარიგება ფაქტობრივად ამყარებს დონბასის ოკუპაციას და იმეორებს მოსკოვის ძველ მოთხოვნებს, მიუხედავად ტრამპის განცხადებებისა „მშვიდობის გეგმაზე“.
უკრაინელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა იდეა მიუღებლად მიიჩნიეს. ერთ-ერთმა დიპლომატმა თქვა:
„ეს იგივეა, რაც უკრაინელებს საკუთარი ფეხის გაყიდვა შესთავაზო.“
The Washington Post-ის ცნობით, უკრაინამ მხარი დაუჭირა ტრამპის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული ფრონტის ხაზზე, როგორც წინაპირობას მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც მიმართული იქნება უფრო მდგრადი ზავისკენ. ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ აცნობიერებენ – რუსეთი, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ფაქტობრივ კონტროლს დაკავებულ ტერიტორიებზე, ამიტომ ისინი ცდილობენ, მიიღონ უსაფრთხოების მყარი გარანტიები ვაშინგტონისა და ევროპისგან, რათა რუსეთმა ვერ განაახლოს ომი.