The Times-ში ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველი ედვარდ ლუკასი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების გაძლიერებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა საერთაშორისო ყურადღება უნდა მიიპყროს.
სტატიის თავშივე გამოყოფილია ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, როგორც “ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ დევნის ხელისუფლება კრიტიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს”.
“ახლა ჩემი ჯერია”, – უთხრა ნინო ევგენიძემ The Times-ს და აღნიშნა, რომ საბჭოთა რეპრესიების გამოცდილება მის ოჯახს კარგად ახსოვს და დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯები სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელებას ჰგავს.
ავტორი წერს, რომ საქართველოში პროდასავლური აქტივისტების, ანალიტიკური ცენტრებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა სულ უფრო მკაცრ ფორმებს იძენს. ის აღნიშნავს, რომ მზარდი რეპრესიები “კრემლის მიერ მხარდაჭერილმა რეჟიმმა გასული წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ გააძლიერა” და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯებს “კანონის ფარგლებში” ახორციელებს, რაც, ავტორის თანახმად, ქმნის იურიდიულ ხაფანგს, სადაც განსხვავებული აზრი საფრთხეშია.
ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ შიდა პოლიტიკის საქმე არ არის – ისინი ბრიტანეთისთვისაც მნიშვნელოვანია და ასევე, ისინი გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონულ სტაბილურობაზე, სადაც რუსეთი ცდილობს გავლენის გაფართოებას, ხოლო ირანი და ჩინეთიც უკვე მძლავრად არიან წარმოდგენილნი.
