გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე The Guardian მასთან ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს.
ბაჩიაშვილი მისი მკვლელობის გეგმებზე საუბრობს. კერძოდ ირწმუნება, ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ეს გეგმა “ჩრდილოეთ კავკასიელ ჯგუფებს, სავარაუდოდ ჩეჩნებს” უნდა განეხორციელებინათ.
იგი თავს ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელად მოიხსენიებს და ამბობს, რომ სწორედ ოლიგარქი ხელმძღვანელობდა “ნადირობას” მის დასაპატიმრებლად.
“ის მიწას, ნებისმიერ ინტერესს შესწირავს პირადი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის”, – ამბობს ბაჩიაშვილი ივანიშვილზე.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე ინტერვიუში ვრცლად საუბრობს ოლიგარქის ფინანსურ სქემებზე საზღვარგარეთ და თუ როგორ მართავს ის ქვეყანას თავისი რეზიდენციიდან. იგი ამბობს, რომ ივანიშვილთან სტუმრობისას იგი ხვდებოდა პრემიერმინისტრებს, მოსამართლეებს, გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრებს, რომლებსაც ოლიგარქი “ხან უყვიროდა, ხან კი უსარგებლოს უწოდებდა. ეს სულთნისა და მისი მსახურების მსგავსია.”
მისი თქმით, ივანიშვილთან ცხოვრობს “დაბერების საწინააღმდეგო მედიცინის რუსი სპეციალისტი”, იულია კრუშანოვა და იტარებს ექსპერიმენტულ, გიჟურ პროცედურებს.
“მას რაღაც უნდა ჰქონდეს, რომ შეიყვაროს – ეს მისი მსოფლმხედველობაა. ხეები სიცოცხლის ენერგიის წყაროდ ითვლებოდა. ის შეპყრობილი იყო თავისი სიკვდილიანობით. ყველა ამ ექსპერიმენტულ, გიჟურ პროცედურას ატარებს, როგორიცაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და და სხვა ხრიკები. ამის ოსტატი, იულია კრუშანოვა, მასთან ცხოვრობს”, – აცხადებს იგი ინტერვიუში.
გამოცემასთან საუბრისას ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ოლიგარქს 2022 წლამდე ჰქონდა ილუზია. იგი ფიქრობდა, რომ მისი გავლენის ქვეშ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებდა და რაც, მისი თქმით, მსგავსი ავტოკრატიული მმართველობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, “გამოსავალი პუტინისკენ სვლა იყო.”
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე იხსენებს 2022 წელს – უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებას. იმ პერიოდში მან სოციალურ ქსელში კიევის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნა, რის შემდეგაც, ბაჩიაშვილის თქმით, მას ივანიშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ “თავისი ადგილი სცოდნოდა.”
“ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის ნამდვილად გონებადაკარგული იყო. ის ყვიროდა, იმუქრებოდა. გზავნილი ძირითადად ასეთი იყო: “ჯობია ჩუმად იყო. შენი ადგილი უნდა იცოდე”, – ამბობს ბაჩიაშვილი.