აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნავებს დაარტყა, რომელთაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდათ – დაღუპულია 14 ადამიანი, – ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი აშშ-ის თავდაცვის მდივანზე, პიტ ჰეგსეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ცნობით, კვირას აშშ-მა წყნარ ოკეანეში სამ ნავს დაარტყა, რომელთაც „დაზვერვის მონაცემებით, ნარკოტიკები გადაჰქონდათ“.
ჰეგსეტის განცხადებით, დარტყმების შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი გადარჩა, რომლის მოძებნის პასუხისმგებლობაც მექსიკამ აიღო.
„დეპარტამენტმა სხვა ქვეყნების დაცვაზე ორ ათწლეულზე მეტი დახარჯა. ახლა საკუთარ სამშობლოს ვიცავთ. ამ ნარკოტერორისტებმა „ალ-ქაიდაზე“ მეტი ამერიკელი მოკლეს და მათაც იგივე ელით. ჩვენ მათ ვიპოვით და მოვკლავთ“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აშშ-მა წყნარ ოკეანეში სულ მცირე 13 ნავს დაარტყა, რის შედეგადაც დაღუპულთა რაოდენობა 51-ს აღწევს.

				
								
								

