The Cone Culture ქალაქგარეთაც გამოჩნდება – როგორია კომპანიის გეგმები?

სავარაუდოდ ივნისში, ხელნაკეთი ნაყინის მწარმოებელი კომპანია The Cone Culture ქალაქგარეთ ახალ ობიექტს გახსნის. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ქეთი მიქაშავიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
„ჩვენი ბრენდი იზრდება და მომხმარებლის მოთხოვნაც შესაბამისად მატულობს, ამიტომ ახალ ლოკაციაზე გასვლას ვგეგმავთ. ეს იქნება ქალაქგარეთ, სავარაუდოდ ივნისში,“ – აღნიშნა მიქაშავიძემ.
The Cone Culture-ის ძირითადი საწარმო უკვე შვიდი წელია შევჩენკოს ქუჩა #5-ზე ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ბრენდმა გაფართოება დაიწყო და უკვე გახსნა ფილიალი „ბაზარი ორბელიანზე“ და სულ ახლახან – “სითი მოლში”.
კომპანია პირველ ცენტრალურ ფილიალთან არსებული საწარმოს გადატანასაც გეგმავს. ეს გადაწყვეტილება სწრაფი ზრდითაა განპირობებული – უფრო კონკრეტულად საწარმო უფრო დიდ ფართში გადადის, სადაც მომხმარებელს ნაყინის დამზადების პროცესის ადგილზე ნახვაც შეეძლება.
„ახალი სივრცე show kitchen-ის ფორმატით იმუშავებს. ჩვენი მთავარი ღირებულება გამჭვირვალობაა და სწორედ ამიტომ გვინდა, რომ მომხმარებელმა საკუთარი თვალით იხილოს, როგორ მზადდება ჩვენი ნაყინი,“ – ამბობს ქეთი მიქაშავიძე.
ინფორმაციისთვის, the cone culture ხელნაკეთი ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე 5 წელია ოპერირებს და მომხმარებელს თითქმის სამასამდე გემოს სთავაზობს.