Tesla Cybertruck-ის გაყიდვები იზრდება, ჩინეთი ავტომწარმოებლებს ევროპაში ინვესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს – კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ “ ჰოლდინგი”
-ში Tesla Cybertruck-ის გაყიდვები იზრდება
Tesla-ს ახალმა ელექტრო პიკაპმა, Cybertruck-მა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების ბაზარზე გაყიდვებით მესამე ადგილი დაიკავა. საანგარიშო პერიოდში, მასზე მაღალ პოზიციებზე მხოლოდ Tesla Model 3 და Y იყვნენ გაყიდვების მხრივ, ანუ ტოპ სამეულში ყველა ავტომობილი Tesla-ს მიერ იყო წარმოებული.
Kelley Blue Book-ის მონაცემებით, Tesla-მ მესამე კვარტალში Cybertruck-ის 16,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა. შედარებისთვის, Ford-მა მხოლოდ 7,000 ერთეული F-150 Lightning-ი გაყიდა და 13,000 ერთეული Mustang Mach-E-ის რეალიზება შეძლო. GM-მა კი ახალი Blazer-ის და Equinox EV-ების გაყიდვებში გარკვეული წარმატების მიღწევა შეძლო, მაგრამ ჯამში მხოლოდ 32,000 ელექტრომობილის გაყიდვა მოახერხა.
Tesla-ს ფინანსური შედეგებიც დამაკმაყოფილებელი ჰქონდა, კერძოდ, მესამე კვარტალში კომპანიამ 25.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი და 2.2 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული, ტყვიაგაუმტარი Cybertruck-ის საწყისი ფასი 61,000 დოლარია, პრემიუმ ვერსიის ღირებულება კი 100,000 დოლარიდან დაიწყება, რაც ზუსტად 50%-ით მეტია, ვიდრე ოთხი წლის წინ ილონ მასკის მიერ დაპირებული მაჩვენებელი.
Mazda-ს გაყიდვები რეკორდულ ნიშნულზეა
რეკორდული გაყიდვები აქვს იაპონურ მწარმოებელს “მაზდას” ამერიკის შეერთებულ შტატების ბაზარზე. Mazda-მ მიმდინარე წელს, მხოლოდ აშშ-ში 400 000 ერთეული ავტომობილით გაყიდა და ახალი რეკორდის დამყარებისკენ განაგრძობს სვლას.
გაყიდვების ზრდაზე დადებითად CX-70-ისა და CX-90-ის გამოშვება აისახა. პარალელურად, Toyota-სთან თანასაკუთრებაში არსებულ ქარხანაში, კომპანიამ CX-50-ის წარმოებაც გაზარდა. Mazda-ს ჩრდილოეთ ამერიკული ნაწილის აღმასრულებელი დირექტორის, ტომ დონელის პროგნოზით, აშშ-ში კომპანიის გაყიდვები წელს 450 000 ერთეულს მიაღწევს. თავდაპირველი გეგმით, 500 000-იანი ნიშნულის მიღწევა იგეგმებოდა, თუმცა კომპანიამ პროგნოზებს გადახედა.
გაყიდვების ზრდაში განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ Mazda-ს ხაზში ელექტრომობილებს არ ვხვდებით. პირველი EV-ის გამოშვების გეგმა კომპანიამ გასულ წელს შეაჩერა და ამჯერად, ძირითადად ჰიბრიდების განვითარებაზეა ფოკუსირებული.
ავტომობილების მწარმოებელი სტაბილურად აფართოებს ჰიბრიდული და plug-in ჰიბრიდული მოდელების ხაზს. მომავალ თვეში ის CX-50 ჰიბრიდის მიწოდებასაც დაიწყებს.
Zeekr-მა ოქტომბერში გაყიდვები გააორმაგა
ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Zeekr-მა ოქტომბერში გაყიდვები გააორმაგა. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ვიგებთ, გასულ თვეში კომპანიამ 25,049 ავტომობილი გაყიდა, რაც Zeekr-ის ისტორიაში საუკეთესო და შარშანდელზე 92%-ით გაუმჯობესებული შედეგი იყო.
თვიურ ჭრილში, წინა რეკორდი ავტომწარმოებელმა სექტემბერში დააფიქსირა, როცა 21,333 ავტომობილი გაყიდა. შედეგად, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში, Zeekr-მა 168,000-მდე ავტომობილი გაყიდა. წლის ბოლომდე კომპანია 230,000 ავტომობილის რეალიზაციას პროგნოზირებს, რაც ნიშნავს, რომ დარჩენილ ორ თვეში Zeekr-მა ახალ-ახალი რეკორდები უნდა დაამყაროს.
თუკი Zeekr-ის გაყიდვები თვიდან თვემდე იზრდება, ჩინური ელექტრომობილების სექტორზე იგივეს თქმა გაგვიჭირდება. Xpeng-მა წინა თვეში 23,917 ავტომობილი გაყიდა, რაც ასევე რეკორდული იყო, მაგრამ Li Auto-მ, რომელმაც 51,443 ელექტრომობილი გაყიდა, რეალიზაციის მაჩვენებელი შეამცირა. BYD-ის, Aito-ს და Nio-ს შედეგები, ამ დროისთვის, უცნობია. Xiaomi-მ კი, რომელიც სმარტფონების წარმოებით არის ცნობილი, ოქტომბერში 20,000 ელექტრომობილი გაყიდა.
ჩინეთი ავტომწარმოებლებს ევროპაში ინვესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა მიიღო, ძალაში გასული კვირის ოთხშაბათს შევიდა. ახალი კანონმდებლობით, გარკვეული ტიპის ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფი 45.3%-მდეც კი გაიზარდა. EU-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ ამომწურავი გამოძიებაც უძღოდა. განაკვეთები, კომპანიებს შორის განსხვავებულია. მაგალითად, თუ SAIC-ს ყველაზე მაღალი – 35.3%-ის ზრდა ემუქრება, BYD-ს მხოლოდ 17%-ით გაზრდილი გადასახადი დაუწესდება.
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობამ ავტომწარმოებლებს მოსთხოვა, შეაჩერონ ყველანაირი სახის ინვესტიციები ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომელთაც მხარი ტარიფების ზრდას დაუჭირეს. თუმცა შეუძლიათ ინვესტირება გააგრძელონ ქვეყნებში, რომლებიც ტარიფების წინააღმდეგ წავიდნენ.
შედეგად, ჩინეთის სამიზნე ქვეყნებში ისეთი სახელმწიფოები მოხვდება, როგორიც საფრანგეთი, პოლონეთი და იტალიაა. ტარიფების ზრდის წინააღმდეგ მხოლოდ 5 სახელმწიფო – მათ შორის გერმანია – წავიდა, 12-მა კი თავი შეიკავა.
ვაჭრობის სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნა, შეაჩეროს ინვესტიციები იმ ქვეყნებში, რომლებმაც დაამტკიცეს სოლიდური გადასახადები, შეიძლება ცუდი ამბავი იყოს იტალიისა და საფრანგეთისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში ორივე ქვეყანა სიფრთხილით ეკიდებოდა ამ თემას, მაგრამ ხმა ტარიფების ზრდას მისცა.
Xiaomi: 1 526 ცხენის ძალის მქონე HP SU7 Ultra
Xiaomi-მ ჯერ ნიურბურგრინგის რეკორდი ოთხკარიანი Xiaomi SU7 Ultra Prototype-ით დაამყარა, შემდეგ კი, პეკინში გამართულ ღონისძიებაზე SU7-ის ფლაგმანის სერიული ვერსიაც წარადგინა. SU7 Ultra-ს წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში Xiaomi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეი ძუნმა პირველი განცხადება გამოაქვეყნა, სათაურით: „Ring Run”. Xiaomi-ს ელექტრომობილმა ნიურბურგრინგის წრე 6 წუთსა და 46.8 წამში დაფარა და ის 20 წამით უფრო სწრაფი იყო ვიდრე Porsche Taycan Turbo GT-ი. რეკორდის დამყარებისას, EV-ის საჭესთან ბრიტანელი პილოტი დეივიდ პიტარდი იჯდა.
ჩინური კომპანიის შეფასებით, სერიული წარმოების ფლაგმანი, მის პროტოტიპს, „თითქმის“ არაფრით ჩამოუვარდება. Xiaomi-ის ახალი მოდელი სამი ელექტროძრავით არის აღჭურვილი, რომელიც ჯამურად 1 526 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Xiaomi-ს ინფორმაციით, SU7 Ultra 0-დან 100-ს 2 წამში ჩქარდება და 350 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს.
დამატებით, SU7 Ultra CATL Qilin-ის 2.0 ელემენტითაა აღჭურვილი, რომლის საშუალებითაც ელექტრომობილს 630 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ახალ მოდელში Xiaomi-მ გაგრილების სისტემაც გააუმჯობესა, რაც დადებითად ავტომობილის წარმადობაზე აისახება. ფაქტობრივად, SU7 Ultra-მ ნიურბურგრინგის ორი წრე გადახურების გარეშე გაიარა.
ნებისმიერ ოთხკარიან სედანს, 1 500 ცხენის ძალით, ძლიერი მუხრუჭები სჭირდება. მოდელს, კომპანიამ კარბონის კერამიკული სამუხრუჭე დისკები დაუყენა, რომელიც 100 კმ/სთ-დან სრულ გაჩერებამდე სამუხრუჭე მანძილს 30.8 მეტრამდე ამცირებს.
Xiaomi-ს ახალი ელექტრომობილი გაყიდვაში 2025 წლის მარტიდან ჩაეშვება. მოდელის ფასი $114 000-დან დაიწყება.