Tesla-ს მოგების მარჟა ხუთწლიან ჭრილში ყველაზე დაბალია

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ კვარტალური ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ კომპანიის მოგების მარჟა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია, რასაც “ტესლას” მოდელებზე ფასების შემცირებას უკავშირებენ. ფასების შემცირება კი ამ ელექტრომობილებზე მოთხოვნის აღსადგენად მოუწია. გარდა ამისა, კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის პროექტებში ინვესტიციებიც გაზარდა, რამაც მოგების მარჟის შემცირებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Tesla-ს აქციათა ფასი ბირჟაზე 8%-ით შემცირდა.
ფინანსური ანალიტიკოსები მოგების 16.29%-იან მარჟას ვარაუდობდნენ, თუმცა Tesla-მ მხოლოდ 14.6%-იანი მარჟის მიღება შეძლო.
კომპანიამ ხარჯების დასაზოგად თანამშრომლების რაოდენობა 10%-ით შეამცირა, თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული საკმარისი არ აღმოჩნდა. Tesla-ს ხელმძღვანელობა მარჟის შემცირებას რესტრუქტურიზაციის პროცესსაც უკავშირებს.
2024 წლის მეორე კვარტალში Tesla-ს შემოსავლებმა $25.50 მილიარდს მიაღწია, რაც ცოტათი მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე, $24.93 მლრდ-ზე.