Tesla-მ 2024 წელთან შედარებით 14%-ით ნაკლები მანქანა გაყიდა

Tesla-ს 2025 წლის მეორე კვარტალის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიის შემოსავლები და მოგება შემცირდა. მეორე კვარტალში Tesla-მ 22.5 მილიარდი დოლარის შემოსავალზე 1.17 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო. რაც 12%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც შემოსავალი 25.5 მილიარდი დოლარი იყო.
Tesla-ს წლიური წმინდა მოგება 16%-ით შემცირდა. 16.6%-ით კლებაა ავტომობილების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალშიც. (შემცირდა 19.9 მილიარდი დოლარიდან 16.6 მილიარდ დოლარამდე). კომპანიამ სპეციალური გარემოსდაცვითი ნებართვების გაყიდვიდან 439 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა -ის კანონმდებლობაში ცვლილებების გამო, შემოსავლის ეს წყარო შესაძლოა მალე გაქრეს.
რაც შეეხება გაყიდული ავტომობილების რაოდენობას, Tesla-მ კვარტალში 384,122 ავტომობილი გაყიდა, რაც 2024 წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე 14%-ით ნაკლებია. ოპერაციული მოგება 42%-ით შემცირდა და 1 მილიარდ დოლარზე ნაკლები შეადგინა.
კომპანიის ფულადი რეზერვები 200 მილიონი დოლარით შემცირდა და 36.8 მილიარდ დოლარს მიაღწია. თავისუფალი ფულადი ნაკადი 100 მილიონ დოლარს შეადგენს. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი შესაძლოა წლის მეორე ნახევარში უარყოფითი გახდეს.
ეცემა კომპანიის აქციების ფასიც. 24 ივლისს Tesla-ს აქციები თითქმის 6%-ით დაეცა. კვარტალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, რომლებმაც კომპანიის გაყიდვების ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა აჩვენა, 23 ივლისს, ფრანკფურტში აქციები 5.7%-ით, ხოლო ნიუ-იორკში საფონდო ბირჟის შემდგომ ვაჭრობაში 5%-ით დაეცა.