კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ “თეგეტა ჰოლდინგი”
ტრამპის ტარიფები ავტომწარმოებლებს ძვირი უჯდებათ
შეერთებული შტატების მიერ რამდენიმე თვის წინ დაწყებულმა სატარიფო ომმა თავისი უარყოფითი შედეგი უკვე მოიტანა. განსაკუთრებული დარტყმა ამერიკულმა და აშშ-ში ქარხნების მქონე საერთაშორისო ავტომწარმოებლებმა მიიღეს. მათ ხარჯების შემცირების მიზნით სხვადასხვა მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა უკვე დაიწყეს. მაგალითისთვის, Stellantis-მა, რომელმაც ტარიფების გამო 2025 წლის 6 თვეში $2.7 მილიარდი დაკარგა, 400 თანამშრომელი დაითხოვა. კომპანია წარმოების მექსიკაში გადატანასაც კი განიხილავდა, თუმცა ტრამპმა Stellantis-ი გააფრთხილა და განაცხადა, რომ თუ მსგავსი რამ მოხდება, მექსიკას ავტომობილების იმპორტზე 100%-იან ტარიფს დაუწესდება.
General Motors-ის მოგება 35%-ით შემცირდა – როგორია ტარიფების ეფექტი?
ტარიფების გავლენა დაეტყო GM-საც. 2025 წლის მეორე კვარტალში, General Motors-ის შემოსავალი 1.8%-ით შემცირდა და $47.1 მილიარდი შეადგინა, როცა წმინდა მოგებამ ერთბაშად 35%-იანი კლება აჩვენა. კომპანიის შეფასებით, ტარიფების დარტყმის ეკონომიკური ეფექტის მოცულობამ $1.1 მილიარდი შეადგინა. უახლეს შედეგებთან ერთად, საკმაოდ პესიმისტურად გამოიყურება კომპანიის პროგნოზი, რომლის თანახმად დასახულ შემოსავალს კომპანია წლის ჭრილში მაინც მიიღებს, მაგრამ წმინდა მოგება იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე მეორე კვარტალში. General Motors-ი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ავტომობილებს მექსიკაში, კანადაში და სამხრეთ კორეაში აწარმოებს და თითოეული ამ ქვეყნისთვის ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფი მოქმედებს, რაც GM-ის ავტომობილებს აძვირებს.
Tesla-ს მოგება და შემოსავლები მკვეთრად შემცირდა
ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა გიგანტმა, Tesla-მ იმედგამაცრუებელი ფინანსური შედეგები წარმოადგინა. როგორც კომპანიის ანგარიშგებიდან ირკვევა, საერთო შემოსავალმა მეორე კვარტალში 22.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. აგრეთვე დაეცა Tesla-ს მოგება, რომელმაც $1.17 მილიარდი შეადგინა, როცა წინა წელს ეს მაჩვენებელი $1.4 მილიარდის ფარგლებში იყო. გაუარესებულია კომპანიის მოგების მარჟა, შემოსავალი ერთ აქციაზე და ყველა ძირითადი ფინანსური ინდიკატორი. რაც ყველაზე უარესია, შემცირებულია Tesla-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნა, რასაც როგორც კომპანიის იმიჯის შელახვა, ასევე ფედერალური შეღავათების გაუქმება განაპირობებს.
Tesla ბიუჯეტურ ელექტრომობილს გამოუშვებს – მასკი
არასახარბიელო ფინანსური მაჩვენებლების გამოქყვეყნების შემდეგ, კომპანია Tesla არსებობის ისტორიაში ყველაზე ბიუჯეტურ ელექტრომობილს გამოუშვებს. როგორც კომპანიის CEO-მ, მილიარდერმა ილონ მასკმა ინვესტორებთან შეხვედრისას განაცხადა, ახალ მანქანაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ის Model Y-სგან დიდად განსხვავებული არ იქნება. მასკის თქმით, Tesla-ს ყველაზე ბიუჯეტური ელექტრომობილის გაყიდვების დაწყება 2025 წლის ბოლო კვარტალშია დაგეგმილი. მასკის განცხადებით, ახალი მანქანა უპილოტო მართვის ფუნქციით იქნება აღჭურვილი. მომხმარებლებს შეეძლებათ იყიდონ და გააქირაონ ის და ამით დამატებით შემოსავალი მიიღონ. აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი მომავალი წლიდან იქნება.
ჩინური BYD ელექტრომობილების მასობრივ წარმოებას უნგრეთის ნაცვლად თურქეთში დაიწყებს
ჩინურ ავტომწარმოებელ BYD-ში განაცხადეს, რომ უნგრეთში მდებარე €4-მილიარდიან ქარხანაში ელექტრომობილების მასობრივი გამოშვება 2026 წლამდე გადაიდო. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე არსებობდა მოლოდინი, რომ კომპანია წლიურად 150,000 ახალ ავტომანქანას შექმნიდან, თუმცა, სავარაუდოდ, ამ მასშტაბზე გასვლა 2027 წლამდე ვერ მოხერხდება. უნგრეთში მასობრივი წარმოების გადავადების ფონზე, BYD-მ მთელი ყურადღება თურქეთში მდებარე $1 მილიარდიან საწარმოზე მიმართა. კომპანიაში ამის მიზეზად გაცილებით იაფი მუშახელი დაასახელეს. მანისაში მდებარე ქარხანა ყოველწლიურად 150,000 ელექტრომობილის წარმოების მაჩვენებელს 2027 წლისთვის მიაღწევს და ამით მნიშვნელოვნად გაუსწრებს უნგრეთის საწარმოს. აღსანიშნავია, რომ BYD-მ 2024 წელს ევროპაში 83,000 ერთეული ავტომობილი გაყიდა. კომპანიის პროგნოზით, მოთხოვნა მომავალ წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება და 2029 წლისთვის 400,000 ელექტრომობილს მიაღწევს. ევროპაში BYD-ს ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია Atto 3, Dolphin და Seal U.
