ჩინური დაბალფასიანი საცალო ვაჭრობის კომპანია Temu-მ დასავლეთ ბაზარზე წარმატებული გაფართოების შემდეგ, აპლიკაციების მაღაზიებში Shein-საც გადაუსწრო – ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
“Temu მთელ რიგ საერთაშორისო ბაზრებზე სწრაფად გაფართოვდა და ის ახლა 40+ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი”, – განაცხადა Goldman Sachs-მა ოქტომბერში.
საინვესტიციო ფირმამ ასევე აღნიშნა, რომ Temu-ს, რომელიც PDD Holdings-ს ეკუთვნის, თვიური ტრანზაქციის ღირებულება ახლა $1 მილიარდზე მეტი იქნება და 2023 წლის მეორე ნახევარში კომპანიის შემოსავლები საგრძნობლად გაიზრდება. მედიის ცნობით, Temu-ს კონკურენტმა კომპანია Shein-ის 2022 წლის ტრანზაქციის ღირებულებამ $30 მილიარდს მიაღწია.
CNBC-თან გაზიარებული data.ai ანალიზის მიხედვით, Temu იაპონიასა და სამხრეთ კორეაში სავაჭრო აპლიკაციების რეიტინგის სათავეში დგას.
აპლიკაციების ანალიტიკისა და მონაცემების კომპანიაში აცხადებენ, რომ იაპონიაში ივლისიდან 2 ნოემბრამდე, 124 დღიდან 101 დღის განმავლობაში, Temu-მ iOS და Google Play სავაჭრო აპლიკაციების ყოველდღიური ჩამოტვირთვების მიხედვით #1 ადგილი დაიკავა.
Temu-მ იაპონიაში 4 მილიონ ჩამოტვირთვას დაახლოებით 121 დღე მოანდომა, Shein-ს კი იგივე მაჩვენებლისთვის 155 დღე დასჭირდა.
ანალოგიურად, სამხრეთ კორეაში Temu #1 ადგილი დაიკავა iOS და Google Play სავაჭრო აპლიკაციების ყოველდღიური ჩამოტვირთვით 93 დღიდან 65 დღის განმავლობაში.
სამხრეთ კორეის საუკეთესო სავაჭრო აპლიკაციებს შორის Temu იყო პირველი, რომელმაც 88 დღის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიონ ჩამოტვირთვას მიაღწია. იგივე მაჩვენებლის მისაღწევად Shein-ს 382 დღე, ხოლო AliExpress-ს 366 დღე დასჭირდა.
ინფორმაციისთვის: Temu აზიაში ივლისში შევიდა, ამის შემდეგ, 26 აგვისტოს ის ფილიპინებში, ხოლო 8 სექტემბერს მალაიზიაში შევიდა.