Telavi Mall-ში პოლონური ბრენდი Sinsay-ის პირველი მაღაზია გაიხსნება

Telavi Mall-ში საქართველოს ბაზარზე ახლად შემოსული პოლონური ბრენდი Sinsay-ის პირველი ბრენდული მაღაზია გაიხსნება, – ამის შესახებ კომპანია MP Development-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პაპუნა კაციტაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, Sinsay საქართველოს ბაზარზე, თავდაპირველად, 2 ფილიალით იქნება წარმოდგენილი.
“Telavi Mall-ის გახსნას ნოემბერში ვგეგმავთ. ამჟამად, მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და უშუალოდ შენობაში მოიჯარეები ახორციელებენ რემონტს. სავაჭრო ცენტრის 65% უკვე გაქირავებულია. MP Development-ს მოლაპარაკებები სხვადასხვა ბრენდთან აქვს. რამდენიმე კომპანიისგან დასტურს ველოდებით და აღნიშნულ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე ახლად შემოსული პოლონური ბრენდის Sinsay-ის მაღაზიები East Point-სა და Telavi Mall-ში განთავსდება. სავარაუდოდ, პირველი ფილიალი Telavi Mall-ში გაიხსნება, ხოლო შემდეგ – East Point-ში, რადგან ჩვენთან კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვთ.
აღნიშნულის გარდა, Telavi Mall-ში წარმოდგენილი იქნება ისეთი ბრენდები როგორიც არის – LC Waikiki, Ici Paris, სათამაშოების მაღაზია – “ჭიტა”, Miniso, “ავერსი”, სუპერმარკეტი – “კალათა”, Grand Electronics, Dunkin’ Donuts, Pizza di Roma, Coffee Corner, კინოთეატრი – Dream Cinema, Bebe, სათამაშოების მაღაზია “პეპელა”, “ბიბლუსი”, “კოსმო”, Corso Italia, Uno Shoes, Blutabla და სხვა. გარდა ამისა, აქტიური მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე ბრენდთან, მათ შორის, MCDonald’s-თან და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხით წარმატებით დასრულდება.
სავაჭრო ცენტრს 15 000 მ² უჭირავს, ხოლო დანარჩენი ტერიტორიის ათვისება ეტაპობრივად მოხდება. ვაპირებთ, რომ დარჩენილ ფართობზე 5000 მ²-ზე სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი “დომინო” შევიყვანოთ. ამას გარდა, ვგეგმავთ ავეჯის სარეალიზაციო ცენტრის მოწყობას, როგორიც თბილისში არის “საბა”. ამას გარდა, მომავალში ვგეგმავთ გამაჯანსაღებელი ცენტრისა და ავტო სერვისის განთავსებას”, – აცხადებს პაპუნა კაციტაძე.
ამასთან, MP Development-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სავაჭრო ობიექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, MP Development-ი საქართველოს კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. MP Development-ი “ვისოლ ჯგუფის”, ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგ კომპანიის და საინვესტიციო კომპანია “რივერსაიდ ინვესტის” წევრია საქართველოში. კომპანიის მიზანია იყოს უმსხვილესი და ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი კომერციული უძრავი ქონების მმართველი კომპანია ქვეყანაში. მათი პორტფელი მოიცავს – 13 სავაჭრო ცენტრს თბილისსა და რეგიონებში, საერთო გასაქირავებელი ფართით 55,490 მ².
ბიზნესპარტნიორი